თურნავა: ვმუშაობთ კვლევასა და სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც საკუთარ წარმოებას კიდევ უფრო შევუწყობთ

0
ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გუნდთან ერთად, მუშაობს სპეციალურ კვლევაზე, რომ უახლოეს პერიოდში გამოიყოს ის დარგები და წარმოებები, რომლებიც პერსპექტიულია იმპორტის ჩანაცვლების თვალსაზრისით და საჭიროებენ მხარდაჭერასა და განვითარებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, კვლევაში ჩართულია საკონსულტაციო კომპანია „გალტ ენდ ტაგარტი, “ რომლის წარმომადგენლებთან დღეს ეკონომიკის მინისტრმა ვიდეოკონფერენცია გამართა. კორონავირუსის გლობალურმა გამოწვევამ ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს საკუთარ წარმოებასა და საკუთარი ბაზრების უზრუნველყოფაზე კრიტიკული, მნიშვნელოვანი პროდუქციით. ამ თვალსაზრისით არც საქართველოა გამონაკლისი. ნათია თურნავას განცხადებით, მათ დავალებული აქვთ, იმუშაონ სპეციალურ კვლევაზე, რათა უახლოეს პერიოდში გამოყონ ის დარგები და წარმოებები, რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას, განვითარებას. ასევე პერსპექტიულია იმპორტთან კონკურენციის თვალსაზრისით. მინისტრის შეფასებით, ამის შესაძლებლობები არსებობს როგორც სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ სექტორში, კვების ინდუსტრიაში, ასევე სხვა სამრეწველო პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, მათ შორის არის საშენ მასალათა წარმოების განვითარება, ელექტროტექნიკის წარმოების განვითარება, წიაღისეულის გადამუშავება და ა. შ.
#კორონავირუსი
#ეკონომიკა
#ნათიათურნავა
#tbilisidaily
0