დღეს საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი - რომი-თბილისი განხორციელდება

0
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 21 აპრილს საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი, რომი-თბილისის განხორციელდება. უწყების ცნობით, მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ასევე, ამ რეისის საშუალებით, სამშობლოს დაუბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური. ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ რეისს აგრეთვე მოჰყვება მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან (ბაზილიკატას რეგიონი), რომში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის აეროპორტში მას დახვდება სამედიცინო რეანომობილი, რათა პაციენტის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანონ. როგორც ცნობილია, აღნიშნული რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით. ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია განთასდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „აირზენას“ ვებ-გვერდებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, აღნიშნული კატეგორიის სამგზავრო ბილეთის ფასი, ნებისმიერი კლასის, არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ეს პრინციპი იქნება მკაცრად გაკონტროლებული. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.
0