GOT ჩემი შეფასება

0
სამეფო კარის თამაშები დავასრულე! ჩემი პროფესიიდან გამომდინარე როცა გოთის ციებ-ცხელება მძვინვარებდა, მაშინ ვერ მოვახერხე ყურება და არც მინდოდა რატომღაც, მაგრამ ინტერესი არასდროს გამნელებია. რა შეიძლება ითქვას... ერთი დღე არ მეყოფა იმდენი რამე მაქვს სათქმელი, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ყველაზე ლაკონურად შევეხები. პირველ რიგში უნდა დავიწყო ბოლო სერიით ანუ ფინალით. ეხლა მივხვდი რატო არ მოგწონდათ. პასუხი მარტივია, დასასრული ცარიელია! მაშინ როცა მთლიანი სერიალი სავსე იყო ყველანაირი ნიუანსით მაყურებლისთვის, დასასრულში აღარაფერი რჩება. მოშვებული სიმის ხმასავითაა დასასრული მაშინ როცა გოთი ითხოვდა ჩაქუჩის დარტყმასავით მკვეთრ და კატეგორიულ დასასრულს. როცა მკვდარ დეინერისს დრაკონი წაიყვანს მანდვე რომ დაესრულებინათ უფრო პოეტური იქნებოდა და ლამაზი, მაგრამ ეგეც არ გამართლდა. გოთი იმდენად სერიოზული აღმოჩნდა ჩემთვის, რომ სიტყვა სერიალიც კი დამაკნინებლად მიმაჩნია, მაგრამ მაინც... ეს სერიალი ძალიან ძლიერი და მსუყე პირველ რიგში იმითაა რომ არანაირი აჩქარება, გადარბენა, სულსწრაფობა და მიფუჩეჩება არ გხვდება, მაგალითად ისეთი როგორც ვიკინგებშია. დიალოგები ხარისხიანი იყო და ღრმა, მსახიობები მრავალფეროვანი, ნუ გრაფიკაზე არაფერს ვამბობ. მაინც რატომაა გოთი ყველა სერიალზე მეტი, თან იმდენად რომ ახლოსაც ვერ გავუტოლებდი რომელიმეს. ჩემი სამხედრო და ფსიქოლოგის პროფესიიდან გამომდინარე ასე ვიტყოდი - თუ კი ადამიანში რაიმე გამოვლინება შეიძლება არსებობდეს ყველაფერია ასახული ამ სერიალში. ყველაფერი ადამიანური, რასაც შეიძლება ადამიანისგან მოელოდე ან არ მოელოდე. შეუძლია ყველანაირი ემოციის აღძვრა და ყველაზე უარყოფითი პერსონაჟის მიმართაც კი ვერ ხარ გულგრილი. ჩემთვის ყველაზე: ყველაზე სასაცილო მომენტი იყო როცა ტირიონი ხეობის ველურებს მეთაურობს და ერთ-ერთი ველურის ურო მოხვდება შემთხვევით და ბრძოლის მერე გამოაფხიზლებენ. ყველაზე დრამატული მომენტი ედ სტარკისთვის თავის მოკვეთის სცენა იყო. ყველაზე ეპიკური - ღამის მეფეს არია რომ კლავს ეგ სცენა იყო და საერთოდ როგორც მთავარ მიზანს სამთვალა ყორანს როცა მიუახლოვდება. ყველაზე მძიმე და შემზარავი მაინც სისხლიანი ქორწილი იყო. სამჯერ ვუყურე და ვერაფრით ვერ გავიტრუხე. ყველაზე ბრძენი, სოლიდური, ძლიერი მოთამაშე მაინც ტაივინ ლანისტერი იყო, რომელსაც ერთადერთი ნაკლი ჰქონდა. ტირიონის მიმართ დამოკიდებულება და მაგ ერთმა ნაკლმა იმსხვერპლა კიდეც. ტაივინი ცოცხალი რომ ყოფილიყო მემგონი ვერც აიღებდნენ მაგ ქალაქს. ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო პერსონაჟი ტირიონი იყო ჩემთვის. ჯუჯის ფსიქოლოგია კარგად იყო ასახული და დიდი დატვირთვა ჰქონდა მაგრამ როცა დეინერისს შეუერთდა საერთოდ დაკარგა მომხიბვლელობა მაგ გმირმა. ყველაზე ძლიერი და ბრძნული ფრაზა - როცა კაცს იმის თმა სჭირდება რომ მეფეა, ესეიგი მეფე არ არის! ყველაზე კარგად შესრულებული როლი - მაინც ნაბიჭვარი ჯოფრის პერსონაჟია. ეგ ლაწირაკი მგონი რეალობაშიც ეგეთია, სხვანაირად ეგრე ზედმიწევნით არ გამოუვიდოდა. ყველაზე კარგი მეფე ჩემი აზრით რობერტი იყო. და ყველაზე კარგი მეფე ჯონ სნოუ იქნებოდა ბოლოს. ყველაფერი მაგის დამსახურებით შეძლეს და ბოლოს ისევ კედელზე არ უნდა ეკრათ თავი. ყველაზე უდროო სიკვდილით დროგო მოკვდა. ხიბლს შესძენდა უფრო დიდხანს რომ დარჩენილიყო, რადგან ძლიერი ფიგურა იყო და სიმპათიურიც. ყველაზე ამაღელვებელი მომენტი - როცა სერსეი შვილის მოკვლას აპირებს და სამეფო დარბაზში ტაივინ ლანისტერი შემოდის და ეუბნება მოვიგეთო. ყველაზე პრაგმატული და ამავდროულად ნიჰილისტი პერსონაჟი ქოფაკი იყო. ყველაზე საყვარელი, სადა, ლამაზი, ღირსეული ქალი - სანსა. ჩემი შენიშვნები: მეტი დამაჯერებლობისთვის უკეთესი იქნებოდა თუ პატარა დრაკონებს ცეცხლის ფრქვევის უნარი ჯერ არ ექნებოდათ როგორც ლეკვები და ბარტყები არიან უსუსურები. ტოლკინმა ძალიან მაგრად თქვა - რთული ის კი არ არის მწვანე მზე რომ გამოიგონო. რთული ისაა შექმნა სამყარო სადაც მწვანე მზე რეალური იქნებაო. რეალურობას ის სძენს რა წინაპირობაც ჰქონდა დრაკონების დაბადებას. უცებ, ჰაერიდან არ გაჩენილან, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა და საბოლოოდ რეალურად აღიქმება. ბოლოს ქალაქის გადაწვისას უშველებელი ქვებით ნაგები იმსისქე კედლები ნაყინივით რომ დნებოდა, ეგეც ურტყამდა დამაჯერებლობას კოჭებში. ლორდი ბეილიში ოდნავ მაინც უნდა წაპოტინებოდა ტახტს. საკმაოდ დიდი მოთამაშე იყო და ასე უბრალოდ არ უნდა ჩავარდნილიყო, ეგეთი ნიჭის, ფულის და ცბიერების პატრონი. საუნდტრეკი დასაწყისში კი მართლა გენიალურია, მაგრამ საუნდტრეკები ზოგადად ამ სერიალის ძლიერი მხარე არ არის, როგორც ვიკინგებისაა მაგალითად. ბრძოლებში კარგი სამხედრო სტრატეგია და ნიჭი არ იყო ნაჩვენები. ყველაზე სანახაობრივი ბრძოლა ჩემთვის მაინც ბოლტონებთან იყო, ვინტერფელის გასათავისუფლებლად. და ბოლოს... რომ მკითხონ რაზეა სამეფო კარის თამაშებიო. ალბათ ვუპასუხებ ძალაუფლებაზე მეთქი. ძალაუფლების ნებაზე. ბევრჯერ გავიფიქრე ყურებისას ნიცშეს ფრაზა: დედამიწის ქერქი დაავადებულია და ამ დაავადებას ჰქვია ადამიანი. დეინერისის ქმედებებში რაღაც დონ კიხოტურიც კი ჩანდა. რაინდი, რომლისთვისაც არავის უთხოვია ეს. და ერთ ერთი მთავარი აზრი ამ სერიალის ალბათ ისაა რომ ადამიანები სიკეთის სახელით ზოგჯერ გაცილებით დიდ ბოროტებებს სჩადიან ვიდრე უბრალოდ ბოროტები. დეინერისი უღირსი მმართველი იყო, არც ძლიერი იყო რეალურად და არც იმ ხალხს იმსახურებდა რომლებმაც თავი შესწირეს და ტრაკი დაადებინეს სამეფო ტახტზე. დრაკარის !!!
#goodplaces
#opinion
#photo
Tbilisi
0