ბიბლიოთეკის დაწვა, ნიკა გვარამიაზე თავდასხმა... - ბაჩო ქათამაძის დანაშაულებრივი ქმედებები

0
19 აპრილს, თბილისში, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი „ფეიქსბუქის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ შენობის „დემონტაჟს აკეთებს". ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცმა საკუთარი დესტრუქციული ქმედება აღდგომის მოლოცვით დაიწყო, შემდგომ კი განაცხადა, რომ არის მეფე და მიაგნო , , კორონავირუსის გავრცელების ბუდეს.” ვიდეო-კადრებში ისმის მტვრევის ხმა, აღნიშნული პირი ატრიალებს კამერას და ჩანს, რომ სააკაშვილის ბიბლიოთეკის პირველ სართულზე ცეცხლია გაჩენილი. მამაკაცი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა, 28 წლის ბაჩო ქათამაძეა. როგორც ირკვევა, ამ თვითგამოცხადებულ მეფეს ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ აქტიურ ქმედებებში აქამდეც მიუღია მონაწილეობა. ამის ერთ-ერთი მაგალითია თავდასხმა ნიკა გვარამიაზე. ბაჩო ქათამაძე 2020 წლის 30 იანვარს საქალაქო სასამართლოს ეზოში თავს , , მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის შედეგად ნიკა გვარამიამ სხეულის დაზიანება მიიღო. მაშინ, ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა 3 პირი გადაიყვანეს გამოკითხვაზე. მათ შორის იყო ბაჩო ქათამაძეც, თუმცა ის არავის დაუკავებია. საქმე სასამართლომდეც არ მისულა. როგორც ჩანს, თავად ქათამაძე ამაყობდა ამ ფაქტით, რაზეც ისიც მოწმობს, რომ მას საკუთარი Facebook-ის პროფაილზე სწორედ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის დროს გადაღებული ფოტო აქვს ატვირთული. ქათამაძე ფეისბუქზე ასევე სიამაყით იუწყებოდა მის მიერ პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების კარვების დარბევის შესახებაც. მამაკაცმა რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვების აღება თვითნებურად სცადა და მაჩალიკაშვილის გარემოცვას ფიზიკურადაც გაუსწორდა, თავად მალხაზ მაჩალიკაშვილს კი , , ტერორისტი” უწოდა. პოლიციამ მაშინ ქათამაძე ტერიტორიას უბრალოდ განარიდა. ირკვევა ისიც, რომ ბაჩო ქათამაძემ რამდენიმე წლის წინ ტყიბულში მამაკაცი დაჭრა, რა დროსაც ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ქათამაძე არავის დაუკავებია და მას თავისუფლად გადადგილება არ ეზღუდებოდა. როგორც ჩანს, დაუსჯელობამ მამაკაცი კიდევ უფრო წაახალისა და სააკაშვილის ბიბლიოთეკისთვის ცეცხლის წაკიდებამდეც მიიყვანა. ამჯერად ფეისბუქ-პოსტებს აღარ დასჯერდა, მეტად მასშტაბურ პერფორმანსს მიმართა და საკუთარი დანაშაულის შესახებ ფეისბუქ-ლაივით გვაუწყა. საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ ქათამაძე მმართველი გუნდის წაქეზებით მოქმედებს და ეს წაქეზება მის დაუსჯელობაშიც კარგად გამოიხატება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბაჩო ქათამაძეს ხელისუფლება მფარველობს და მას პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად იყენებს. მმართველი ძალის ოპონენტები საუბრობენ შერჩევით სამართალზე და იმასაც არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ბაჩო ქათამაძე რომელიმე უწყების, მაგალითად, სუს-ის პირდაპირ დავალებებსაც კი ასრულებდეს. ოპოზიციურ სპექტრში მიაჩნიათ, რომ არც ერთი მოძალადე, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობოლი ადამიანის წინააღმდეგ განახორციელებს ძალადობას, კანონის სიმკაცრით არ ისჯება. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები ბაჩო ქათამაძის სახელს , , ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის უკავშირებენ და ამბობენ, რომ ის სწორედ ვოლსკის კოორდინაციითა და დავალებით მოქმედებს. ჟურნალისტი, ელისო კილაძე აცხადებს, რომ ბაჩო ქათამაძე , , გია ვოლსკის კლასტერის” წევრია - , , პლეხანოველი ძველი ბიჭების კლასტერია ეს, რომელსაც ევალება განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანების დევნა, ” - აღნიშნა კილაძემ ნიკა გვარამიას გადაცემაში , , მთავარი აქცენტები”. თავად გვარამიამ ქათამაძეს , , ქართველი ჰეროსტრატე” უწოდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბიბლიოთეკისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე შსს-მ ბაჩო ქათამიძე რამდენიმე საათის დაგვიანებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ სამართალდამცველებმა ქათამაძე ცხელ კვალზე დააკავეს, თუმცა ფეისბუქში მისი ბოლო პოსტი 21:30 საათით თარიღდება, დანაშაული კი დღის პირველ ნახევარში მოხდა. ბაჩო ქათამაძის მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაშიც მმართველი ვერტიკალი ქათამაძის მიმართ ლოიალურობას გამოიჩენს.
#სააკაშვილისბიბლიოთეკა
#ბაჩოქათამაძე
#ხანძარი
#ჰეროსტრატე
#ნიკაგვარამია
#ოპოზიცია
#ხელისუფლება
#მაჩილაკაშვილი
#დანაშაული
#tbilisidaily
0