"შევამციროთ ახალი ამბების მოსმენის რაოდენობა" - ინტერვიუ ფსიქოლოგთან

0
კორონავირუსმა ჩვენი ცხოვრება რომ მთლიანად შეცვალა, ახალი ამბავი აღარაა, მაგრამ რამდენად გვცვლის ის ჩვენ და როგორ მოქმედებს ფსიქიკაზე მუდმივად სახლში ყოფნა, როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს - kutaisidaily-ის ამ და სხვა შეკითხვებს ქუთაისელმა ფსიქოლოგმა ნინო ქარსელაძემ უპასუხა: _ როგორ მოქმედებს იზოლაციაში ყოფნა ადამიანის ფსიქიკაზე? მსოფლიო პანდემია ძალიან განსხვავდება იმ ყველაფრისგან, რაც ჩვენ ცხოვრებაში აქამდე განგვიცდია. მსგავსი ტიპის მოულოდნელი ტრავმატული გამოცდილება იწვევს უსუსურობისა და დაუძლურების განცდას, ვინაიდან იგი კრიტიკულად ცვლის ადამიანის საბაზისო ილუზიას _ გარკვეული, პროგნოზირებადი ცხოვრების შესახებ. ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე არ არსებობს, საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში კი, როცა მიმდინარეობს ყოველდღიური ცხოვრების დინამიკის ახლებური გადაწყობა - გენერალიზება, ქცევის პატერნების გადასტრუქტურება, სამომხმარებლო ჩვევებისა და შრომითი სტერეოტიპების ჩანაცვლება, ცხადია დიდი ყურადღება ექცევა ადამიანის ფსიქიკურ სფეროში მიმდინარე პროცესების ცვლილებას. მკვეთრად იზრდება სტრესული მდგომარეობის განვითარების რისკი, იმატებს შფოთვითი რეაქციები, გუნება-განწყობის ცვალებადობა, თავს იჩენს ემოციების რეგულაციის სიძნელეები _ მოჭარბებული აღგზნებადობა, აგრესიულობა, უიმედობისა და დაუცველობის განცდა. ჩაკეტილ, მცირე საოჯახო სივრცეში ადამიანების დიდი ხნით ლოკალიზება, ავლენს ურთიერთობების სირთულეებს, შესაძლოა კომუნიკაციის პროცესში გაჩნდეს ბარიერები, რაც თვის მხრივ ქმნის ურთიერთობების მოგვარებისა და გადახალისების საჭირეობას. თუკი ხდება მენტალური პრობლემების პროეცირება და ადამიანს ხელი ეშლება ჩვეული დღის რუტინის შესრულებაში, ვერ ახერხებს კონცენტრირებას კონკრეტულ საქმიანობაზე, მოცულია ნეგატიური ფიქრებით და უჭირს ემოციების ნაკადის რეგულირება, მაშინ საჭიროა პროფესიული რეკომენდაციების მიღება და დარგის სპეციალისტების ჩარევა. დღეს უკვე მუშაობს რამდენიმე პროფესიული დახმარების სერვისი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საჭიროებისამებრ მოიძიოს სასურველი ფრომატი და მიიღოს უფასო ფსიქოლოგიური დახმარება 1) , , საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება’’ _ http://gppo.ge/covid19daxmareba ) , , ღია საზოგადოების ფონდი’’ _ https://osgf.ge/ufaso-fsiqologiuri-dakhmarebis-servisebi-covid-19-pandemiis-dros/ _ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ადამიანები ამ რთულ გამოწვევას? ადამიანი ადაპტური არსებაა, ფიზიკური და ფსიქიკური მედეგობის მქონე, საკმარისი უნარებით აღჭურვილი. ცხოვრების მანძილზე მიღებული სხვადასხვა სახის გამოცდილებების ხარჯზე კი, ყველას აქვს შემუშავებული პრობლემების დაძლევის ინდივიდუალური მექანიზმი, შესაბამისად თვითდახმარება არის მნიშვნელოვანი. პიროვნული, შინაგანი რესურსების მობილიზებით შესაძლებელია დისკომფორტის მოხსნა, გამკლავება და შეგუება ახალ რეალობასთან. ცხოვრებაზე ტოტლაური კონტროლისა და განსაზღვრულობის ნაცვლად , , აქ და ახლას’’ პრინციპით მოქმედება, კონკრეტული პასუხისმგებლობების აღება, დაგვეხმარება პირადი და ზოგადი კეთილდღების შენარჩუნებაში. _ როგორ ავიცილოთ ფსიქიკური გართულებები, რა არ უნდა გავაკეთოთ იზოლაციის პირობებში? გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის მიღების შემცირებას (!) _ ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში ინფორმირებულობა დიდი ადგილს იკავებს. ინფორმაციის ფლობა ცოდნის წინაპირობაა, ის გვანიჭებს თავდაჯერებას, გვძენს რაციონალურ ხედვას მოვლენების მიმართ და გვიქმნის მოლოდინებს, თუმცა ინფორმაციის მიღების სიხშირე და რაოდენობა მნიშვნელოვნად განსაზღვრული უნდა იყოს. ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ დღის მანძილზე სხვადასხვა სახის საინფორმაციო არხის საშუალებით, ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს განწყობასა და ქცევაზე. შევამციროთ ინფორმაციის მიღების რაოდენობა, დავიყვანოთ მინიმუმადე, მაგალითად დღის მანძილზე დილით და საღამოს. ვაკონტროლოთ ნეგატიური ინფორმაციის ნაკადი და მათზე ყურადღების კონცეტრირების ხანგრძლივობა.
#ფსიქოლოგია
#ფსიქოლოგისრჩევები
#ნინოქარსელაძე
#kutaisidaily
0