მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება ისევ განახლდა

0
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთს ბრალი დასდეს საბრძოლო მოქმედებების განახლებაში. ორშაბათს ორი ქვეყნის ძალებმა 10 ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების მიუხედავად, დაპირისპირება ისევ განაგრძეს.  რუსეთმა, რომელიც შეთანხმების მოდერატორი იყო, ორივე მხარეს მოუწოდა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ. „ჩვენ მოველით, რომ მიღებული გადაწყვეტილებები სრულყოფილად შესრულდება ორივე მხრის მიერ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაღუპულთა და ტყვეთა გაცვლას და სამშვიდობო პროცესის დაწყებას ითვალისწინებდა. ის სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით შედგა, თუმცა შეთანხმებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, დაპირისპირებები განახლდა.   აზერბაიჯანმა კვირას განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში სომხური მხარის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმას მიიტანა, ამ უკანასკნელის მიერ განჯაში საცხოვრებელი შენობაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. სომხეთი თავდასხმას უარყოფს. ბაქო ასევე აცხადებდა, რომ ერევანი მინგეჩაურზე თავდასხმას შეეცადა. ამ ინფორმაციას სომხეთი არ ადასტურებს. ბაქოს თქმით, განჯაში სარაკეტო თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „სომხეთმა სრულიად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და მშვიდობიან მოქალაქეებზე ქალაქ განჯაში შეტევა მიიტანა. ეს ომის დანაშაულია და ჟენევის კონვენციის აშკარა დარღვევაა“ , - დაწერა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი დღეს სერგეი ლავროვს შეხვდა და აღნიშნა, რომ სომხურ მხარეს სურს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „შემოწმების მექანიზმი“ შეიქმნას. მან აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდა, ერევანმა შესაძლოა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას დახმარება სთხოვოს. „ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ჩვენ მოკავშირეობრივი ურთიერთობები გვაქვს, სახელშეკრულებო ვალდებულებები ორივე მხარეზე“, - განაცხადა მან ლავროვთან შეხვედრის შემდეგ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ სომხეთის ძალები მის პოზიციებზე აღდერე-აღდამის და ფიზული-ჯაბრალის რეგიონების გარშემო ახორციელებს შეტევას და საკუთრივ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჯორანბოის და ტერტერის რეგიონებზე მის ძალებს საარტილერიო ცეცხლს უხსნის. მთიანი ყარაბაღის რეგიონის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საბრძოლო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის სამხრეთში, ქალაქ ჰადრუტის გარშემო მიმდინარეობს. ბაქოს თქმით, ჰადრუტში სომხური შენაერთების ნაწილმა ტერიტორია დატოვა, თუმცა ამას სომხეთის მხარე უარყოფს. გრძელდება ასევე, აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქ სტეპანაკარტზე შეტევა. ორ ქვეყანას შორის, მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე ეს დაპირისპირება, 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, კონფლიქტის ყველაზე დიდი ესკალაციაა. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ 27 სექტემბრის შემდეგ 41 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა და 207 დაიჭრა. ბაქო დაღუპული ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ხოლო სომხური მხარის განცხადებით ამ დროისთვის 480 სამხედრო დაიღუპა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოხატა და მხარეებს მოუწოდა ცეცხლი შეწყვიტონ. „აღვნიშნავთ, რომ ძალზედ გვაშფოთებს სამხედრო მოქმედებების გაგრძელების შესახებ ცნობები, მათ შორის სამშვიდობო სამიზნეებზე, და ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა“, - თქვა ბორელმა განცხადებაში. ბორელმა განაცხადა, რომ მხარეებმა პროცესი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინსკის ჯგუფის ფორმატში უნდა გააგრძელონ. მინსკის ჯგუფი 1992 წელს შეიქმნა, ის 11 ქვეყანას აერთიანებს და სამი თანათავმჯდომარე ჰყავს: შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რუსეთი. თუმცა ამ ფორმატს, ამ დრომდე, მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევია. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაქოს სურს თანათავმჯდომარის სტატუსი თურქეთსაც მიენიჭოს. დღეს, მთიან ყარაბაღში დაპირისპირების შესახებ განცხადება გააკეთა ასევე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა. ჰულუსი აკარმა თქვა, რომ ანკარა ყველაფერს გააკეთებს აზერბაიჯანის დასახმარებლად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. „უნდა ვიკითხოთ: 30 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იცდიდა სომხეთთან დიალოგისთვის. რა გაკეთდა ამისთვის“ - განაცხადა მან მინსკის ჯგუფის მისამართით. აკარი რუს კოლეგას სერგეი შოიგუს ესაუბრა. მისი თქმით, მან რუსული მხარისგან მოითხოვა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორია გაათავისუფლოს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების განახლებამ, დამკვირვებლებს შორის გააჩინა შიში, რომ კონფლიქტი შესაძლოა რეგიონულ ძალებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდოს. რუსეთი მხარს ერევანს უჭერს, ხოლო თურქეთი ბაქოს ემხრობა. ყარაბაღის ომმა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის პირზე დაიწყო, 30, 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ასობით ათასი ადამიანის იძულებით გადაადგილება გამოიწვია. 1994 წლის შემდეგ ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე და მის გარშემო მდებარე რეგიონებზე კონტროლი სომხეთმა მოიპოვა. დღეს, ყარაბაღის მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკური სომეხია. აზერბაიჯანი და საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, რუსეთიც, ყარაბაღს მისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს. https://www.amerikiskhma.com/a/armenia-azerbaijan-clash-despite-ceasefire/5618455.html
#ახალი_ამბები
#მსოფლიო
0