მეგრული კერძის - ღომის ისტორია.
ღომი სამეგრელოს გასტრონომიული კულტურის საკულტო კერძად ითვლება. მეგრელთათვის ღომი თითქმის ყოველდღიური, ძირითადი საჭმელია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მეგრული სადილი, იქნება ეს სტუმართა პატივისცემა თუ რამე სადღესასსწაულო სუფრა.
ღომთან უამრავი ტრადიციაა დაკავშირებული, მისი მომზადების ეტაპიც მრავალფეროვანია. ძველ სამეგრელოში ღომი სიმინდის ფქვილისგან არ მზადდებოდა. ღომი ერთ-ერთი უძველესი ფეტვისნაირი მცენარეა. ღომის დათესვა უდიდესი ცერემონიალი იყო სამეგრელოში. ის განსაკუთრებულ დღეებსა და სათანადო რიტუალების დასრულების შემდეგ ითესებოდა. მისი სწრაფი სიმინდით ჩანაცვლება კი, გამოიწვია იმან, რომ მოსაცლელად, დასაცეხვად და შესანახად რთული იყო.
სამეგრელოში ღომის მომზადება რიტუალივით იწყებოდა. დიასახლისი ჯერ თმას ივარცხნიდა, ტანსაცმელს იბერტყავდა, თავზე წაიკრავდა თეთრ თავშალს და ღერღილის რეცხვას შეუდგებოდა. ღერღილის პირველი წყალი ღომის რძით არის სავსე, ამიტომ მას სპეციალურ საცერში ატარებდნენ, რომ სწორედ ის დაესხათ მოსახარშად, ღომს რომ თავისი გემო არ დაეკარგა. რამდენჯერმე რეცხავდნენ ღერღილს, რომ სიმინდის შავი წერტილები თან არ გაჰყოლოდა. ღომის ქვაბი აუცილებლად მხოლოდ ღომისთვის იყო განკუთვნილი, არავითარ შემთხვევაში სხვა დანიშნულება არ უნდა ჰქონოდა და აუცილებლად სქელძირიანი უნდა ყოფილიყო. თითქოს მასში სხვა კერძის მომზადება ღომის წარწყმედას ნიშნავდა.
რაც უფრო ხშირად ჩაზელდი, მით უფრო ხარისხიანი და კარგი ღომი გამოდიოდა.
თუ ოჯახი სადილობდა, დიასახლისს აუცილებლად ერთი თეფშით მეტი უნდა მოემზადებინა, სტუმრისთვის, რომელიც შესაძლო იყო სადილის, დროს მოსულიყო. ზუსტად იმ რაოდენობის ღომის მომზადება, რამდენიც ოჯახისთვის საკმარისი იყო, ოჯახის სიძუნწეს ნიშნავდა.
ღომს ასევე იყენებდნენ სამკურნალო საშუალებად. ღომის პირველი ქაფი - "ღუმუს ბჟა" - ღომის რძე, მეძუძური დედებისთვის რძის მოსაყვანად უებარი საშუალება იყო. მამაკაცები კი მას ქონდარს ჩაუმატებდნენ და ქაფქაფად მიირთმევდნენ.
ღომი სამეგრელოში მჭიდროდაა დაკავშირებული ოჯახურ ტრადიციებთან, რიტუალებთან, სტუმარ-მასპინძლობის მეგრულ წესთან.
#სამეგრელო
#მეგრულიკერძი
#მეგრულისამზარეულო
#ღომი
#ტრადიცია
#მომზადება
#zugdididaily