EU და WHO 6 ქვეყანას ვაქცინაციისთვის 40 მილიონ დოლარს გამოუყოფს

Tbilisi Daily

"ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებში, ვაქცინაციის მხარდასაჭერად 40 მილიონ დოლარს გამოყოფენ" - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიურო ავრცელებს. გავრცელებული განცხადების ცნობით, თანხა გამოიყოფა 6 ქვეყნისთვის, კერძოდ: საქართველოსთვის, ბელარუსისთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, მოლდოვასთვის და უკრაინისთვის. აღნიშნული თანხა 3 წელზეა გათვლილი. მათივე ინფორმაციით, პროექტი მოიცავს კორონავირუსის ვაქცინების განაწილებისა და ვაქცინაციის ყველა ფაზას. "წარმატებული ვაქცინაცია საჭიროებს უფრო მეტ რესურს, ვიდრე მხოლოდ მისი შემუშავება და გავრცელება. აღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფს ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში იმუნიზაციის ცენტრების გამართულ მუშაობას, ასევე მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა მათ ვაქცინების გამოყენება სწორად შეძლონ და ასევე მოხდეს იმ მოქალაქეების ვაქცინაცია, ვინც მას ყველაზე მეტად საჭიროებს. ასევე პროგრამის ფარგლებში უნდა მოხდეს ვაქცინების მუდმივი მონიტორინგი და მათი ხარისხის შემოწმება" - ვკითხულობთ ჯანმოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოსთვის დამატებით ხელმისაწვდომი ხდება კიდევ 150 ათასი ვაქცინა. "გვაქვს მოლაპარაკებები როგორც ფაიზერის, ასევე ასტრაზენეკას ვაქცინის მიმართულებით. როგორც დაანონსებული გვაქვს, თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოში გვექნება ვაქცინის ის პირველი მოცულობა, რომელზეც ხელშეკრულება არის გაფორმებული და ოდენობები ეტაპობრივად დაემატება" - განაცხადა ტიკარაძემ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები