ყაზბეგში გამოკვლეულ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ
Tbilisi Daily
ახალ კორონავირუსზე რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში 117 მებაჟე ოფიცერსა და უფლებამოსილ თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას გარკვეული ეტაპების დაცვით, გამოკვლევა ჩაუტარდათ. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ,,COVID-19“-ზე უარყოფითია, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, ახალ კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში გამოკვლეული 110 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა. ყველაზე დიდი მოლოდინი სწორედ ამ კვლევას უკავშირდებოდა, რადგან, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ყველაზე მეტი ბიოლოგიური ნიმუში ეპიდემიოლოგებმა სოფელ არშადან აიღეს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1321 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.