სექტემბრიდან ჩეხეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცეს გააკონტროლებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სექტემბრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა სამხედრო თვითმფრინავებს გაგზავნის სლოვაკეთში და მეზობელი ქვეყნის საჰაერო სივრცეს გააკონტროლებს. ამის თაობაზე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა.
„პრობლემას ვერ ვხედავ,“ თქვა მან. „დარწმუნებული ვარ, მთავრობა დაამტკიცებს ამას.“
სლოვაკეთმა ადრე თავისი საჰაერო სივრცის პატრულირება სთხოვა ნატოელ მოკავშირეებს მას შემდეგ, რაც მან საკუთარი MiG-29 თვითმფრინავების ფლოტის ხმელეთზე გაჩერება გადაწყვიტა. ბრატისლავა MiG-ების უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
სლოვაკეთმა შეერთებულ შტატებს 2018 წელს 14 გამანადგურებელი F-16 შეუკვეთა. პირველი თვითმფრინავების მიღება წელს იყო დაგეგმილი. მაგრამ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო თვითმფრინავების მიწოდება 2024 წლისთვის გადაიდო.
მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთის ჯარების უკრაინაში შეიჭრნენ, სლოვაკეთმა 154 მილიონი ევრო გამოყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31927960.html
Source: radiotavisupleba.ge