სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვრცელი საუბარი ამ ქვეყნის სხვადასხვა საგარეო საკითხზე
Interworld
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა 31 აგვისტოს ვრცელი კომენტარი გააკეთა ოფიციალურ ერევანთან დაკავშირებულ საგარეო საკითხებზე, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე, რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებზე და სხვა საინტერესო თემებზე.
Interworld ხსენებულ მასალას უცვლელად გთავაზობთ.
სომეხი მინისტრის შეფასებით, სომხეთის რესპუბლიკასა და ცალკე მთიანი ყარაბაღის რეგიონს აქვთ საკმარისი ძალა და რესურსი საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეს ივლისში მომხდარმა სასაზღვრო დაპირისპირებამ დაადასტურა.
მნაცაკანიანის თქმით სამწუხაროა რეგიონში არსებული „სიძულვილის ატმოსფერო“ და მისი სამხრეთ კავკასიის ფარგლებს გატანის მცდელობები. ოფიციალური ერევნისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი კონფლიქტის დარეგულირების პროცესში არის მშვიდობიანი ატმოსფეროს ფორმირება, რადგან შეუძლებელია დიალოგის წარმოება სიძულვილის, ომის რიტორიკისა და ძალის გამოყენების საფრთხის პირობებში. მისი პოზიციით, აზერბაიჯანი ერთის მხრივ „არმენოფობიას ავრცელებს“, ხოლო მეორეს მხრივ მშვიდობისკენ ისწრაფვის.
მნაცაკანიანის განცხადებით, მომავალში შეტაკებების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამშვიდობო პროცესი, არსებობდეს პოლიტიკური ნება და კონკრეტული ზომები. შესაბამისად სომხური მხარე ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ ფარგლებში ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს თანათავმჯდომარეებთან ერთად, რათა იდეები განხორციელდეს. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული მაგალითი იყო 2019 წელს, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გაცვლით პროექტი.
სომეხი მინისტრის შეფასებით, ის რაც 12-16 ივლისს სასაზღვრო ზოლზე მოხდა, იყო 2016 წლის აპრილის მოვლენების განმეორების მცდელობა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის რეგიონის წინააღმდეგ.
მნაცაკანიანის (და ზოგადად ოფიციალური ერევნის, რედ.) პოზიციით მთიანი ყარაბაღის რეგიონის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე არის სომხეთის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიდგომა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
აქვე, საგარეო უწყების ხელმძღვანელი მზადყოფნას გამოთქვამს აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრაზე და აღნიშნავს, რომ მათი მიდგომა მდგომარეობს კომპრომისების ძიებასა და ძალის გამოუყენებლობაში.
მნაცაკანიანის თქმით, სომხეთისთვის არსებობს კონკრეტული, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები და მათთვის მთიანი ყარაბაღის რეგიონის სტატუსის საკითხი აბსოლუტური პრიორიტეტია. ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია რეგიონის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რაც ტერიტორიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ოფიციალური ერევანი მზადაა იმუშაოს როგორც ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეებთან, ასევე აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, რათა განისაზღვროს ფორმულები, კომპრომისების მისაღწევად.
მინისტრის განცხადებით, უკვე 30 წელია მთიანი ყარაბაღის რეგიონი აჩვენებს „დამოუკიდებელი სოციალური ცხოვრების ორგანიზების, უსაფრთხოების დაცვისა და საერთაშორისო ვალდებულებების აღების აბსოლუტურ უნარს“. შესაბამისად, მოლაპარაკებების პროცესში, რეგიონის, როგორც ცალკეული „მხარის“ ჩართვა უმნიშვნელოვანესია და პრაქტიკული ხასიათი გააჩნია, რადგან ეს გააძლიერებს ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების თავდაჯერებას („რომელიც მოსახლეობის მიერ არის არჩეული“).
მნაცაკანიანის პოზიციით, აზერბაიჯანული ლოგიკა სამხედრო პოტენციალის ათვისებისკენ და კონფლიქტის შეიარაღებული გზით გადაჭრისკენ არის მიმართული, რაც საფრთხეს უქმნის როგორც სომხეთის რესპუბლიკას, ასევე მთიანი ყარაბაღის რეგიონის „უსაფრთხოებას“.
მინისტრი აღნიშნავს, რომ სამხედრო-ტექნიკურ სფეროში რუსეთის ფედერაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც ერევანთან, ასევე ბაქოსთან. აქვე სომხეთი და რუსეთის მოკავშირეები არიან და ორმხრივ ურთიერთობებს ფართო მასშტაბები აქვს სხვადასხვა სფეროში.
მნაცაკანიანის თქმით, სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა ემყარება უსაფრთხოების ორმხრივ ინტერესებს და ხორციელდება სომხეთ-რუსეთს შორის არსებული შეთანხმებების, ურთიერთგაგებისა და სამუშაო გეგმების საფუძველზე. მათი თანამშრომლობა არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. მინისტრის პოზიციით კრემლი რეგიონში ბალანსს არ არღვევს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ოფიციალურ ერევანს რეალურად არ სჭირდება მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარება, რადგან ტერიტორიები აქვს დაკავებული და არსებული სტატუს-ქვო მისთვის სასარგებლოა. იგი თვლის აუცილებელია რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობა და ეს შესაძლებელია მხოლოდ კომპრომისებზე დაფუძნებული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევით, ყოველგვარი ცალმხრივი დათმობების გარეშე.
მნაცაკანიანმა ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ როლი შეაფასა მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ერთადერთი ფორმატია მთიანი ყარაბაღის საკითხის გადასაჭრელად. მისი თქმით, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ფორმატი, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს სამი მუდმივი წევრი - აშშ, საფრანგეთი და რუსეთი შედიან. შესაბამისად მათ აქვთ საკმაოდ დიდი პოლიტიკური და დიპლომატიური რესურსი, შუამავლის როლის შესასრულებლად. ამიტომ ოფიციალური ერევანი კვლავ გააგრძელებს ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ აქტიურ მხარდაჭერას და ფორმატზე ნებისმიერი სახით ზეწოლა მათთვის მიუღებელია.
რუსეთზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ერევანი ყველაფერს აკეთებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თანმიმდევრული გაძლიერებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან, მოქმედებენ უსაფრთხოების საერთო ინტერესებით და მიზნებით. ამ საკითხის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი ქალაქ გიუმრიში დისლოცირებული რუსული 102-ე სამხედრო ბაზაა.
მნაცაკანიანის განცხადებით, თურქეთის მხრიდან მომდინარე დესტაბილიზაციისა და აგრესიის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის მომიჯნავე რეგიონებს - აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვას, ჩრდილოეთ აფრიკას და ახლო აღმოსავლეთს და ამ პოლიტიკის ექსპორტს სამხრეთ კავკასიაში ეწევა. 12-16 ივლისს მიმდინარე სასაზღვრო შეტაკებების დროს საერთაშორისო საზოგადოებამ უამრავი მოწოდება გააკეთა სიტუაციის დეესკალაციის და ძალადობის შეჩერების მიზნით. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მეტი არასტაბილურობის წარმოშობას უწყობდა ხელს, ეს ოფიციალური ანკარაა.
მინისტრის განცხადებით, თურქეთი არაკონსტრუქციულ და საფრთხის შემცველ პოლიტიკას ახორციელებს, რაც სომხეთისთვის საშიშია.
სომხეთში განთავსებულ „მეწამორის“ ატომურ ელექტროსადგურზე საუბრისას მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ერევანი (რუსეთისგან დამოუკიდებლად) საკუთარი საბიუჯეტო ხარჯებით აპირებს ობიექტის შესაბამის აღჭურვას.
რაც შეეხება ენერგეტიკის საკითხებს, რუსეთიდან ბუნებრივი აირით მომარაგების თემა ყველაზე მნიშვნელოვანია ერევანსა და კრემლს შორის ორმხრივ ურთიერთობებში და მას საკმაოდ ფართო დღისწესრიგი გააჩნია.
მინისტრის მოსაზრებით, ორივე მხარე გაზის თემაზე მუშაობს და იგი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ მათ შორის შეთანხმება მიიღწევა.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #foreign #minister #comment #Mnatsakanyan #issues #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა