გერმანული მედიის ცნობით, პრეზიდენტი შტაინმაიერი კიევში ჩავიდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კიევში ჩავიდა გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. ამის შესახებ გერმანული ტელეკომპანიები n-tv და ZDF იუწყებიან. შტაინმაიერი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდება. 12 აპრილს, გერმანული გაზეთი Bild-ი იუწყებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო კიევში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ჩასვლის გეგმა, რაც უკავშირდებოდა ბოლო წლებში, შტაინმაიერის ახლო ურთიერთობებს რუსეთთან და მხარდაჭერას, რომელიც მან აღმოუჩინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სახელით ცნობილი გაზსადენის პროექტს. იმავე დღეს, პოლონეთში მყოფმა შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ ისურვა კიევში მისი ჩასვლა. შტაინმაიერი უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, კიევში ჩასვლას აპირებდა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად.  მაისის დასაწყისში პრეზიდენტებმა ზელენსკიმ და შტაინმაიერმა სატელეფონო საუბარი გამართეს და როგორც გერმანიის პრეზიდენტის ოფისი აცხადებდა, განმუხტეს მათ შორის დაძაბულობა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/32099277.html

Source: radiotavisupleba.ge