ენტონი ფაუჩი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი COVID-19-ის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს
Tbilisi Daily
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ დაასკვნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი COVID-19-ის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა და მისმა მოადგილემ თეთრი სახლის მოთხოვნით პრეზიდენტის კორონავირუსზე ტესტები, მათ შორის PCR-ტესტები შეისწავლეს.ენტონი ფაუჩი და კლიფორდ ლეინი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი COVID-19-ის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს“, - ნათქვამია აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაში.
13 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტის ექიმმა, შონ კონლიმ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დონალდ ტრამპის კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.
6 ოქტომბერს საავადმყოფოში 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თეთრ სახლში დაბრუნდა.
11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტის ექიმმა, შონ კონლიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი კორონავირუსის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს და მას შეუძლია, იზოლაცია დაასრულოს.