ამერიკული გამოცემა „The Washington Times“ ვიცე-პრემიერის , მაია ცქიტიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს

0
ამერიკული გამოცემა „The Washington Times“ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა და ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს. სტატიის ავტორი ტიმ კონსტანტინი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამანადგურებელი პანდემია გრძელდება, მთელ მსოფლიოში უკვე დადასტურდა ვირუსის 2, 6 მილიონზე მეტი შემთხვევა და თითქმის 200 000 გარდაცვალება, მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა დარჩა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატების ისეთი მაგალითები, როგორიც აჩვენა საქართველომ. „The Washington Times“-ის კითხვებს, თუ როგორ მიაღწია საქართველომ წარმატებას ხალხის ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. ქვეყანაში არსებული სიტუაციის განსხვავებულობის მიზეზად ვიცე-პრემიერმა სახელმწიფოს მიერ ადრეულ ქმედებებთან ერთად, მოსახლეობის პასუხისმგებლობა დაასახელა. „ჩვენ თავიდანვე სერიოზულად მოვეკიდეთ და ვუპასუხეთ ამ გამოწვევას. პირველ ყოვლისა, ჩვენ ძალიან ადრევე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. მეორე, ჩვენ ყურადღებით ვუსმენდით ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტებს. საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს ჩვენ გულისყურით ვეკიდებოდით საკითხს და გვქონდა ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული მიდგომა კორონას ლოკაციებთან დაკავშირებით. თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვგრძნობთ დახმარებას და მხარდაჭერას აშშ-ის მხრიდან. აშშ-ის საფრთხეების სააგენტოს მიერ ჩატარებული ტრენინგები დაგვეხმარა, ვყოფილიყავით უკეთ მომზადებულნი კორონავირუსისთვის. მათ მიერ მომზადებული ადამიანები არიან ჯანდაცვის პროფესიონალები - სათანადოდ მომზადებული და პატივსაცემი ადამიანები. ლუგარის ცენტრის პერსონალიც, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეშვეობით, აშშ-ის მიერაა მომზადებული. სწორედ ისინი დგანან ჩვენი ერის წინა ხაზზე კორონავირუსთან ბრძოლაში“. ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ჩვენც ვცდილობთ ამ ორ პრიორიტეტს შორის ბალანსის დამყარებას“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. სტატიის ავტორი მიმოიხილავს საქართველოს ხელისუფლების მიერ ადრეულ ეტაპზე დააანონსებულ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს, რომელიც მოიცავს: ასობით მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი დახმარებას ბიზნესებისთვის; რამდენიმე თვიან შეღავათებს ქონების და საშემოსავლო გადასახადებზე; ფულადი ნაკადის ხელშეწყობის მიზნით დღგ-ის დაბრუნებას ბიზნესებისთვის; საგანგებო ფონდის შექმნას საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად; თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან (აშშ-ს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ჩათვლით), რომლებმაც კრიზისის პერიოდში გამოყვეს საგანგებო დაფინანსება საქართველოსთვის. რაც შეეხება პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, ვიცე-პრემიერი თქმით აქ „სიფრთხილე“ წარმოადგენს მთავარ სიტყვას. The Washington Time“-ის მოსაზრებას, რომ საქართველო, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, ტურისტებისათვის უფრო მიმზიდველი შეიძლება გახდეს უკვე როგორც კორონავირუსთან წარმატებით მებრძოლი და უსაფრთხო ქვეყანა, ვიცე-პრემიერი პასუხობს, რომ მიესალმება ამ შესაძლებლობას, თუმცა ჯერ მთავარი საზრუნავი ისევ ხალხის ჯანმრთელობის დაცვაა. „ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ სტუმრების ჩამოსვლას, როცა ამისთვის შესაფერისი დრო დადგება“, - ამბობს მაია ცქიტიშვილი.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ინტერვიუ
#TheWashingtonTimes
#მაიაცქიტიშვილი
#tbilisidaily
0