ოკუპანტური მითები ლუგარის ლაბორატორიაზე

0
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, ამერიკის დაფინანსებთ, 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის მესამე დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა, ლუგარის ლაბორატორია ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტად იქცა. ბევრმა პოლიტიკოსმა, მათ შორის საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიის დაარსება სწორედ მის სახელს უკავშირდება. ლაბორატორიის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამ ფაქტს ასე ეხმაურება: „მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ ჩამოყალიბდა ეს ლაბორატორია და როდის იყო მიღებული გადაწყვეტილება. 1997 წელს ბილ კლინტონმა და ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს ხელი დიდ შეთანხმებას ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კუთხით. 2002 წელს დავით თევზაძემ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ მოაწერეს ხელი ამ პროექტის დაწყებას და ამაში მაშინდელი მთავრობის წევრებმა შეიტანეს საკუთარი წვლილიც. ეს პროექტი 2003 წელს 30 მილიონით დაიწყო, დროთა განმავლობაში კი 350 მილიონამდე ავიდა." ლუგარის ლაბორატორიის არსებობა რუსეთს მოსვენებას არ აძლევს, ხოლო როდესაც რუსეთი ვერ ისვენებს, იწყებს სახელმწიფო-იდეოლოგიზირებული აპარატის ამოქმედებას და მწვავე პროპაგანდას, რაც საზოგადოებაში ფაქტების დამახინჯებითა და არასწორი ინტერპრეტაციით გამოიხატება. საქართველოში 70 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ყველა ვირუსი თუ სხვა ინფექცია ლუგარის ლაბორატორიაში იმისთვის ინახება, რომ არ გაიფანტოს და ბიოლოგიური ტერორიზმის იარაღად არ იქცეს. თუმცა კი, რუსეთმა ეს ინფორმაცია თავისებურად გადაატრიალა. რუსულ პრესაში უკვე დიდი ხანია ვრცელდება სტატიები სათაურით "ქართველები ადამიანებზე ცდებს ატარებენ" , "ამერიკის ბიოლოგიური იარაღი", "ბიოლოგიური ტერორიზმი", თუმცა რა ინტერესები დგას ამ ინფორმაციის გავრცელების უკან? რატომ ააგორა ეს პროპაგანდა რუსეთმა და რა მიზნებს ემსახურება? საიდან აქვს ქვეყანას მსგავსი ტიპის ინფორმაციასთან წვდომა? რუსეთმა პროპაგანდის წარმოება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიწყო. მან საკუთარი "მოშინაურებული პოლიტიკოსები" აალაპარაკა და ამით ჯერ დე-ფაქტო ხელისუფლების მაცხოვრებლებს გაუღვივა შუღლი ქართველების მიმართ, შემდეგ კი ეს შიში ჩვენამდეც მოიტანა. აი, მაგალითად, ბიბილოვი აცხადებდა, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში აღმოჩენილია ამერიკული ჯიშის პარაზიტები, რომლებიც რეგიონში აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. მისივე თქმით, სწორედ ლუგარის ლაბორატორიიდან ხელოვნურად გავრცელებული მწერები ედება ტერიტორიას და აავადებს ადამიანებს. საინტერესოა, როგორ აღმოაჩინა ამდენი ინფორმაცია "სამხრეთ ოსეთისა" და "აფხაზეთის" ჯანდაცვის სისტემამ, როდესაც სამკურნალო პალატები და სამედიცინო სტრუქტურა იმდენად მოშლილი აქვთ, რომ ქართულ სოციალურ პაკეტებს იყენებენ. ნოყიერი ნიადაგის გაჩენის შემდეგ ჯერი რუსეთზე მიდგა. საჭირო იყო თამაშში შემოსულიყვნენ ქვეყნის საჯარო პირები თუ მოხელეები, ასეთად მოგვევლინა რუსული "დუმა", რომლის თქმითაც, ამერიკა რუსეთს ბლოკადას უწყობს და ემზადება ბიოლოგიური ტერორიზმისათვის. სწორედ ამიტომ, მის საზღვრებთან ახლოს ორი დანიშნულების მქონე ლაბორატორიებს აშენებს. ლუგარის ლაბორატორიის არგუმენტის გასამყარებლად მათ ოკუპირებული ყირიმი მოიშველიეს. დუმა აცხადებს, რომ ყირიმში იატაკქვეშა ლაბორატორიები და უამრავი ბიოლოგიური იარაღი აღმოაჩინეს, თუმცა კონკრეტულად რა ლაბორატორიაზე ან რა იარაღზეა საუბარი, ამის შესახებ არაფერი თქმულა. პროპაგანდა ამჯერად ქართველი ხალხის დაშინებაში გადაიზარდა. რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს საქართველოში ერთ დღეში 30 ადამიანი გარდაიცვალა ც-ჰეპატიტით. ამავე ინფორმაციის თანახმად მათ აშშ-ის ყოფილი სენატორის რამსფელდის წამლით კურნავდნენ, რომელსაც რეალურად სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა. 30-ვე პირის გარდაცვალების რეალური მიზეზი უცნობია. ისმის კითხვა, საიდან აქვს მოსკოვს მსგავსი ინფორმაცია? ვინ არის წყარო და რამდენად ვალიდურია? რუსულ პრესაში, მსგავსი ნეგატიური ინფორმაციის დასადასტურებლად ხშირად იყენებენ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იგორ გიორგაძის ციტატებსა და ფრაზებს. როგორც ჩანს, სწორედ ის აწვდის მოსკოვს მსგავს დეზინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ იგორ გიორგაძე არის პირი, რომელიც არაერთი დანაშაულის გამო საქართველოდან იდევნება, მას 1995 წელს ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობა და ასევე გია ჭანტურიას მკვლელობა ბრალდება. რამდენად სანდო შეიძლება იყოს მისი წყარო და რაში სჭირდება მას ამ დეზინფორმაციის გავრცელება? ფაქტია, რომ რუსეთს არ მოსწონს საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყანაზე სრული დომინაცია სურს, ხოლო, როდესაც ამას ვერ იღებს იგი ჩვეულებრივი ხელწერით, პროპაგანდით და ბორდერიზაციით მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ, მაშინ როდესაც ლუგარის ლაბორატორიამ ქვეყანას დაანახა თავისი რეალური საჭიროება, რუსეთმა დემონსტრაციულად გადმოსწია საზღვარი და საოკუპაციო ხაზი კიდევ უფრო გააფართოვა.
#ოკუპაცია
#ტერორიზმი
#პროპაგანდა
#რუსეთიოკუპანტია
#ლუგარი
#კორონავირუსი
#კლინიკა
#tbilisidaily
0