საიდან დაიწყო ყავაზე მკითხაობა?

0
ბათუმელებისთვის ყავა ცხოვრების ისეთივე რიტუალია, როგორც დილით გაღვიძება. ხშირად ბათუმურ ყავას რამდენჯერმე ვსვამთ დღეში და ვამბობთ, რომ ისეთი ყავა როგორც ჩვენ გვაქვს, სხვა ქალაქშიც კი ვერ დიალევაო, არათუ სხვა ქვეყანაში. ასეა თუ ისე, ყავა ბათუმელებს ძალიან უყვართ. ზოგი კი მკითხაობს კიდეც ყავის ნალექზე - ჭიქას გადააბრუნებს, დაატრიალებს და იქ მომავლის დანახვას ეცდება. მკითხაობის ასეთ მეთოდს დიდი ისტორია აქვს. ყავის ნალექზე, ან ჩაის ფოთლებზე მკითხაობას ტასეოგრაფია ეწოდება. ტასეოგრაფიაა ასევე ღვინის კვალზე მკითხაობა, რაც ნაკლებად ცნობილი პრაქტიკაა ჩვენში. ისტორიული წყაროების თანახმად, ტასეოგრაფიის ტრადიცია მიჰყვება ძველი ყავისა და ჩაის გავრცელების რუქას. ითვლება, რომ ამ მეთოდის გავრცელება ბოშებს უკავშირდება. მოგვიანებით ყავაზე მკითხაობა ინგლისშიც იმ დონეზე გავრცელდა, რომ ბევრი წიგნი იბეჭდებოდა ამ საკითხზე. სავარაუდოდ, ასეთი პოპულარობა იმას უნდა მივაწეროთ, რომ მე-17 საუკუნის ინგლისში ერთ დროს ახლო აღმოსავლეთით გატაცება ძალიან გავრცელებული იყო - ყველა ცდილობდა, არც ისე შორეული, თუმცა მაინც უცხოური თურქეთის, ეგვიპტისა და სხვა ახლომდებარე ქვეყნების კულტურას დაუფლებოდა. არისტოკრატიულ წრეებში ერთგვარი გასართობიც იყო ყავაზე მკითხაობა. ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე კი ყავაზე მკითხაობამ ადრეულად მოიკიდე ფეხი. საბერძნეთში, კავკასიასა და სერბეთში ტასეოგრაფიის ეს მეთოდი მალევე დამკვიდრდა. რუმინეთში კი ბოშებმა ყავაზე მკითხაობის საკუთარი ნაისახეობა დაამკვიდრეს - ყავის ნალექს ორ ნაწილად ყოფდნენ, მარჯვენად და მარცხენად. რაც მარცხნივ იყო, ნეგატიურ მოვლენად ითვლებოდა, მარჯვნივ კი - მომავლის პოიზიტიურ ასპექტებს ეხებოდა. დასავლეთ ევროპაში კი, ისევე როგორც ჯადოქრებს, ყავაზე მკითხავებს ავიწროვებდნენ და გრძნეულებად მოიხსენიებდნენ. მართალია, ყავაზე მკითხაობა ბევრ ადამიანს აინტერესებს, ბევრი კი სკეპტიკურად უყურებს ამ რიტუალს. რაც ბათუმელების დიდ ნაწილს აერთიანებს, არის ის, რაც ნალექამდე მოდის - ყავის დალევის რიტუალი.
#ყავა
#მკითხაობა
#ბათუმი
#ისტორია
#batumidaily
0