ფრანც კაფკას ,,მეტამორფოზა'' ლევან ბერძენიშვილის განხილვა

1
„გარდასახვა“, გნებავთ, „მეტამორფოზა“ ფრანც კაფკამ 1912 წელს დაწერა, ის 1915 წელს გამოქვეყნდა. საინტერესოა, რომ 1919 წელს „გარდასახვა“ ხელახლა გამოიცა, რაც კაფკას შემთხვევაში იშვიათი ამბავია. მოთხრობა იმ პერიოდში იწერება, როდესაც საცოლესთან განშორების გამო, კაფკას ოჯახში სიტუაცია გაურთულდა. „თქვენ ყველანი უცხო ხართ ჩემთვის“, - სწერს კაფკა დედამისს, - „ჩვენ შორის მხოლოდ სისხლით ნათესაობაა, მაგრამ ის არაფერში ვლინდება“. საცოლის მამისადმი მიწერილ წერილში კი ნათქვამია: „რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო ჩემს მდგომარეობაზე, მე დამღუპავს, მომკლავს სამსახური, თან დამღუპავს ძალიან მალე“. ორივე ეს მოტივი, ოჯახში გაუცხოება და „დაღუპვა სამსახურის გამო“, ბრწყინვალედ არის გამოვლენილი „გარდასახვაში“. სიუჟეტის ფანტასტიკურობის მიუხედავად, მოთხრობაში წარმოდგენილია დაუნდობელი, ფიზიოლოგიურად ძალიან ზუსტი აღწერა დეტალებისა. გრეგორი ზამზას ტანჯვის სურათი ერწყმის ოჯახის პანიკურ მცდელობას გაექცეს საშინელ მწერად გადაქცეულ შვილს, ძმას... ერთად, ეს ყველაფერი საოცრად დრამატული ძალის ეფექტს ქმნის. ვითარება იმდენად დრამატულია, დაძაბულობა ისე ფანტასმაგორიულად არის გაზრდილი, რომ ყავადანიდან ნოხზე დაქცეული ყავა ჩანჩქერის სიდიდეს იძენს. ამ მოთხრობაში მასშტაბების ასეთი ცვლილება უზარმაზარი მნიშვნელობისაა, რადგან გმირთან ერთად, გარდასახვას განიცდის მთელი მისი გარემომცველი სამყარო. არა მხოლოდ გრეგორი ზამზა გადაიქცა მწერად, არამედ მისმა ოთახმაც, მისმა ნათესავებმაც და ახლობლებმაც განიცადეს მეტამორფოზა. ის ვიწრო ადგილი, დივნის ქვეშ, ახლა გრეგორისთვის საუკეთესო სივრცეა თავის შესაფარებლად, რადგან ოთახი, რომელშიც მრავალი წელი გაატარა, თავისი ზომებით უკვე აშფოთებს ზამზას. ფანჯარა და ფანჯრის მიღმა სამყარო, რაც მის ოთახში ახლა თავისუფლების ერთადერთი წერტილია, უდაბნოდ იქცა - რუხი ცა და მიწა ერთმანეთსაა შერწყმული. ნაწარმოების გმირი, გრეგორ ზამზა, ღარიბი ოჯახის შვილია. ამ ოჯახს ხაზგასმით მატერიალისტური მოთხოვნები აქვს, რადგან მამა გაკოტრდა და გრეგორი მშობლის ერთ-ერთ კრედიტორს დაუდგა სამსახურში, კომივოიაჟერი გახდა - ნაჭრებით ვაჭრობს. მთელი ოჯახი: გაკოტრებული, უმუშევარი მამა, ასთმით დაავადებული დედა, უმცროსი და, მატერიალურად, მთლიანად გრეგორზე არიან დამოკიდებული. სამსახურის გამო, გრეგორი მუდმივად გზაშია, თუმცა: „ერთ დილას, არეული სიზმრის შემდეგ გაღვიძებულმა გრეგორ ზამზამ აღმოაჩინა, რომ საზარელ მწერად გადაქცეულიყო. იწვა თავის საწოლში, ჯავშანივით მაგარ ზურგზე და თავის წამოწევისას ხედავდა ყავისფერ, თაღოვან, რკალებად დაქერცლილ მუცელს, რომლიდანაც საბანი იატაკისკენ მისრიალებდა. უამრავი, ტანის ზომასთან შედარებით უსაშველოდ წვრილი ფეხი უმწეოდ წრიალებდა მის თვალწინ. „რა დამემართა?“- ფიქრობდა გრეგორი. ეს არ იყო სიზმარი“. ეს არ იყო სიზმარი, ეს კეთილი, ფაქიზი, ოჯახისთვის, სხვებისთვის თავდადებული ადამიანის მწერად გადაქცევის დასაწყისი იყო. კაფკა დეტალურად აღწერს გრეგორის ტანის ახალ აგებულებას, მის განცდილ უხერხულობებს და ახალ სიტკბოს, ახალ სიამოვნებებს, ახალ გემოვნებას. ზამზას ახალ გარსში ადამიანობის დაკარგვის პროცესი მიმდინარეობს, ჯერ მეტყველების უნარს კარგავს, შემდეგ სულიერ თვისებებს, რომლითაც, ადამიანად ყოფნის დროს ამაყობდა. მიუხედავად ამისა, ამ ახალ, შემაშფოთებელ და ამაზრზენ გარსში იგი უფრო რჩება ადამიანად, ვიდრე გარსის შეუცვლელი მისი ოჯახის წევრები. დიახ, მათ საშინელი უბედურება დაატყდათ თავს, ოჯახის წევრი მწერად ექცათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამაოგნებელია ზამზას ოჯახის რეაქცია გრეგორის გარდაქმნაზე. კაფკა გვიხატავს ადამიანებს, რომლებიც არაფრით და არაფერში არანაირ მცდელობას არ ავლენენ, რომ რამენაირად შეებრძოლონ იმ ზიზღს, რაც საკუთარი სისხლისა და ხორცის მიმართ გაუჩნდათ. ერთი სიტყვით, არ ჩანს ადამიანობის არავითარი ნიშანწყალი იმ ადამიანის მიმართ, ვინც საკუთარი თავი, ახალგაზრდობა, ოჯახისთვის გადადო. მეტიც, მთელი ოჯახი იმაზე იწყებს ზრუნვას, თუ რით უზრუნველყონ საკუთარი ცხოვრება და რაც მთავარია, დამალონ ოჯახური საიდუმლოება. გრეგორ ზამზა იყო შვილი, იყო ძმა, მაგრამ ახლა საიდუმლოა! თანაც, როგორც კი ოჯახი კარგავს იმედს, რომ გრეგორი ადამიანად გარდაიქმნება, მის მიმართ იზრდება მამის სიძულვილი. მამას უჩნდება წარმოუდგენელი ზიზღი საკუთარი შვილის მიმართ და ერთ-ერთ ეპიზოდში, მამა გრეგორს წითელ ვაშლებს დაუშენს... ერთი ვაშლი, რომელიც მწერის წინააღმდეგ ბრძოლაში საშინელი იარაღია, გრეგორს სხეულში გაეჭედება, რაც გახდება კიდეც საბოლოოდ მისი სიკვდილის მიზეზი. გრეგორ ზამზას სიკვდილი ოჯახისთვის ტრაგედია კი არა, თავისუფლებაა! ამ მომენტისთვის მისი ოჯახი აყვავდა - შემოსავლის წყარო გაუჩნდათ, შეუძლიათ შეიცვალონ ბინა და ა.შ. და, აი, ბოლო სცენაც, როდესაც ყველანი ერთად, ტრამვაით მიდიან ქალაქგარეთ, სასეირნოდ, ახალი ცხოვრების დასაგეგმად... ირკვევა, რომ გრეგორ ზამზა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ოჯახს შესწირა, უბრალო ტვირთი იყო, რომლის მოშორების შემდეგაც, ოჯახის ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო და უკეთესი გახდა. არ შეიძლება არ გავიხსენოთ ვლადიმირ ნაბოკოვის შესანიშნავი კომენტარი, რომელიც აღფრთოვანებული იყო კაფკათი და ამბობდა, რომ მასთან შედარებით თომას მანი და რილკე სათამაშოები არიან... აი, ნაბოკოვმა ასეთი რამ თქვა - გრეგორი ამ ოჯახის სული იყო, გრეგორთან ერთად, სწორედ ეს სული მოკვდა, სულის სიკვდილის შემდეგ კი ოჯახის ცხოველური ნაწილი აყვავდა. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი უბრწყინვალესი შეფასება, რითაც ვიგებთ, რომ ოჯახი, გრეგორთან ერთად, სულიერი არსება იყო, მისი სიკვდილის შემდეგ კი, ოჯახს მხოლოდ ხორციელი ნაწილი შერჩა. აი ეს ხორცი აყვავდა, მანამდე ალბათ სული, თავდადება, სიყვარული უშლიდა ხელს... ამ მოთხრობაში ერთმანეთს სამი სამყარო უპირისპირდება: გარე სამყარო - საქმიანი, რომელშიც გრეგორს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ უწევს ცხოვრება. მას ძალიან უნდა, რომ უფროსს პირში მიახალოს სათქმელი, მაგრამ ოჯახისადმი თავდადება ყველაფრის ატანას აიძულებს; ოჯახის სამყარო - ზამზას ბინის სივრცით შემოფარგლული სამყარო, ოჯახი, რომელიც ცდილობს ნორმალურობის შესახედაობა მაინც შეინარჩუნოს; გრეგორ ზამზას სამყარო... პირველი ორი სამყარო საშინლად მტრულად ეპყრობა ზამზას სამყაროს, რომელიც ნაწარმოების ცენტრალური სამყაროა. ეს ყველაფერი კი მატერიალიზებული კოშმარის კანონითაა აგებული. ამ მოთხრობაში გამოყენებულია ერთი უძველესი ხერხი, რომელსაც ჯერ კიდევ არისტოფანე იყენებდა. ამ ხერხს ჰქვია - მეტაფორის რეალიზაცია. მაგალითად, შეიძლება მეტაფორულად ითქვას, რომ ადამიანი მწერია, მაგრამ არ იგულისხმებოდეს, რომ ის რეალურად არის მწერი. ჩვენი ნაწარმოების შემთხვევაში, ისე, როგორც არისტოფანეს კომედიებში, მეტაფორული ნათქვამი რეალობად იქცევა, ანუ, მეტაფორის რეალიზაცია ხდება. მეტაფორის რეალიზაცია ხდება როგორც ამ, ასევე კაფკას სხვა ნაწარმოებში („პროცესი“). მოცემულ კოშმარს, ავტორი ნათელი ტექსტით, მკაცრი, ზუსტი ინტონაციებით აღწერს, რაც კოშმარულ შინაარსთან მიმართებაში საოცარ კონტრასტს ქმნის. მარტივად რომ ვთქვათ, შინაარსი არის აღუწერელი, მაგრამ აღიწერება ზუსტი, ნათელი, გასაგები ენით. კაფკას მკვეთრი, ვიტყოდი, წერის შავ-თეთრი მანერა, არსადაა პოეზიით გაფერადებული, არ არის მეტაფორები, შედარებები, სიტყვების თამაში... ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მეტაფორებით ბევრს აღუწერია კოშმარი, კაფკა იყო პირველი, ვინც კოშმარი ისე აღწერა, როგორც რეალობა - კოშმარი არ არის კოშმარი, ეს არის სინამდვილე! ამაში, მის ენაშია კაფკას საშინელი ძალა, ენაში, რომელიც გამჭვირვალეა და სწორედ ეს გამჭვირვალე ენა უსვამს ხაზს პირქუში ფანტაზიის საშინელ სიმდიდრეს. „გარდასახვა“ ის ნაწარმოებია, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა საფრთხეშია, რა ემუქრება ადამიანს, რომელიც სხვებისთვის ყველაფერს აკეთებს, ეს სხვები კი ზიზღით, სიძულვილით, არაფრად ჩაგდებით, მწერად, უმწეო არსებად გადააქცევენ, მისი სიკვდილით კი ახალი სიცოცხლის წყაროს იძენენ. საზოგადოება ებრძვის ყველაფერ იდეალურს, სწორედ ამიტომ ისჯება გრეგორ ზამზა - იდეალური ადამიანი.
1