"საქართველო მზად არის ვაქცინაციისთვის" - ტიკარაძე

Tbilisi Daily

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ვაქცინაციის შენახვის პირობებს ადგილზე პირადად გაეცნო. ტიკარაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფო უკვე მზად არის ვაქცინის მისაღებად და პროცესის დასაწყებად. „საქართველო მზად არის ვაქცინაციისთვის. ჯანდაცვის სამინისტრომ აწარმოა წარმატებული მოლაპარაკებები, რის შედეგადაც თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინების პირველი ნაკადი შემოვა და პირველ რიგში ექიმები აიცრებიან. დღეს ინფექციურ საავადმყოფოში დავათვალიერე სწორედ იმ ცივი ჯაჭვის არსებობა, რომელიც აუცილებელია „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად. მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს თითოეული დეტალი, რათა პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს როგორც მედიკოსებისთვის, ასევე შემდგომში ჩვენი მოსახლეობისთვის. რეგულირების სააგენტოს მხრიდან ყველა კლინიკის დეტალური შესწავლა უკვე დაიწყო“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. ვაქცინაციის პროცესში ის დიდი კლინიკები ჩაერთვებიან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით. სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ნებართვა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში, ასევე იმუნიზაციის შესახებ გამოცდილება და სულ მცირე სამი ბრიგადა, ასევე იზოლირებული შესასვლელი და აცრის შემდეგ დაყოვნების სივრცე. მინისტრის განცხადებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უკვე დაიწყო აღნიშნული კლინიკების შემოწმება და შეფასება. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემთა ბაზაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები