მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები პროტესტს ხმაურით გამოხატავენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, თბილისში ინგოროყვას ქუჩაზე ხმაურია. "შინ ევროპისკენ" აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს. ყოველ ორშაბათს დილით ამ შენობაში მთავრობის სხდომა იმართება.
მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინდელი ღამის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე აქტივისტი შემორჩა, თუმცა შენობასთან კვლავ რჩება ჯებირები და პოლიციაა მობილიზებული. რამდენიმე ათეულ პოლიციელს გადაკეტილი აქვს მთავრობის ადმინისტრაციის ეზოსთან ჩასასვლელი კიბეები, რომლის ბოლოშიც არსებული ჭიშკარით საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები შედიან შენობაში.
"ძალიან არაპროპორციული მღელვარებაა პოლიციის მხარეს. სულ რამდენიმე ადამიანის აქციაა, რომელიც ხმაურით შემოიფარგლება. პოლიციას ვუთხარით, რომ არ ვაპირებდით წინააღმდეგობის გაწევას, თუ ჩვენს უკანონო დაკავებას დაიწყებდნენ, არავითარი გაყალბების საფუძველს არ მივცემდით", - უთხრა აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა რადიო თავისუფლებას.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ღამე გაათენა საქართველოს პარლამენტთან 3 ივლისს გამართული ხალხმრავალი აქციის მონაწილეთა ჯგუფმა. ორგანიზატორთა ინფორმაციით, დღეს დილით ისინი ელოდებიან მთავრობის სხდომის დაწყებას, რათა პროტესტი კიდევ ერთხელ გამოუცხადონ.
აქციის, "შინ ევროპისკენ" მონაწილეები მოითხოვენ, რომ გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მთავრობა, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შეასრულებს. აქციის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომა პირველად მოითხოვეს 24 ივნისს, პარლამენტთან გამართულ ხალხმრავალ აქციაზე და "ქართულ ოცნებას" ვადა 3 ივლისამდე მისცეს.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ფარსად მიიჩნევენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად "ქართული ოცნების" მიერ 1 ივლისს გამოქვეყნებულ გეგმას. "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა 3 ივლისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ საზოგადოებამ მმართველი პარტიის "მოსატყუებელი კბილი უკვე ამოიღო". ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პუნქტების შესასრულებლად, 3 ივლისს გეგმა წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.
24 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მათ შორისაა, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.
რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31927817.html
Source: radiotavisupleba.ge