კორონავირუსის საკითხზე კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს

0
ევროკავშირის შესაბამისი სადამკვირვებლო ინსტრუმენტების გამოყენებით დადგინდა კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების ე.წ. სამმხრივი კონვერგენცია (დამთხვევა), რომელიც რუსეთის, ჩინეთისა და ირანის კოორდინირებული ხელშეწყობით, აქტიურად ვრცელდება. 20 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზემოხსენებული სამი ქვეყანა ერთი და იმავე ტიპის ინფორმაციას ავრცელებს იმის თაობაზე, რომ COVID-19 აშშ-ის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღია, რომელიც გლობალურ დონეზე რუსეთის, ჩინეთისა და ირანის „ჩამოსაშორებლად“ არის შექმნილი და რომ ეს 3 სახელმწიფო „უკეთ უმკლავდება“ არსებულ პანდემიას, ვიდრე შეერთებული შტატები. აქვე მოხსენიებულია, რომ ირანელი ლიდერები (რომელთა განცხადებებს რუსული პროპაგანდისტული მედია აქტიურად აშუქებს), აშშ-ს მოუწოდებენ გააუქმდეს ოფიციალური თეირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები, რომელიც ძირს უთხრის ამ ქვეყნის აქტიურ ჰუმანიტარულ და სამედიცინო რეაგირებებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ზოგადად ზემოხსენებული მოქმედებები რუსული, ჩინური და ირანული ფართო, კომბინირებული „კონვერგენციის“ ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანი რუსეთზე, ირანზე, სირიასა და ვენესუელაზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნის მოთხოვნაა. სირიის შემთხვევაში, კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია გამოიყენება ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივის გაღვივებაში, რომლის მიხედვით, თითქოს ევრო-გაერთიანება ამ ახლო აღმოსავლური ქვეყნის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომის“ საწარმოებლად ემზადება. 25 გვერდიანი დოკუმენტი European External Action Service-ს (EEAS) სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს მიერ შეიქმნა. ანგარიშის მიხედვით, რუსეთი და ჩინეთი კორონავირუსული პანდემიის გარშემო აქტიურ სადეზინფორმაციო კამპანიას ეწევიან, რამაც შესაძლოა მავნე შედეგები მოიტანოს მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. მარტის მოხსენებაში, ევროკავშირის დამკვირვებლებმა უკვე დაადანაშაულეს პრო-კრემლისტური მედიასაშუალებები, არსებული ეპიდემიის შესახებ დეზინფორმაციის აქტიურ გავრცელებაში, რომლის მიზანს დასავლეთის სახელმწიფოებში საზოგადოებრივი ნდობის შემცირება წარმოადგენს. აპრილის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი და შედარებით მცირე დოზით ჩინეთი, აგრძელებენ ე.წ. შეთქმულების თეორიების ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართულია როგორც ევროკავშირში მცხოვრები საზოგადოებისკენ, ასევე ამ გაერთიანების სამეზობლო ქვეყნების (საქართველო, უკრაინა და ა.შ.) წინააღმდეგ. აქვე აღნიშნულია, რომ რუსული ოფიციალური წყაროები და სახელმწიფო მედია კოორდინირებულ კამპანიას აგრძელებენ, რომლის მიზანი ევროკავშირის კრიზისზე რეაგირების დაქვეითება და კორონავირუსის გარშემო დაბნეულობის მომატება წარმოადგენს. მსგავსი ტიპისა და შინაარსის ინფორმაცია ძირითადად სოციალური ქსელების - Facebook-ის და Twitter-ის მეშვეობით ფართოდ ვრცელდება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: EU Monitors See Coordinated COVID-19 Disinformation Effort By Iran, Russia, China (23.04.2020), www.en.radiofarda.com
#coronavirus
#EU
#Russia
#China
#Iran
#misinformation
#headline
0