ჩემს სახლს ფართოყელიანი საკვამური და ულამაზესი ბუხარი აქვს. ყველაზე დიდი ბუც კი თავისუფლად ჩამოფრინდება.
დაბნეული ვარ – საკმარისზე დიდი ხნით დაიგვიანა ჩემმა წერილმა.
ვნერვიულობ… მე თუ მკითხავთ , 9 წელი სახუმარო ამბავი სულაც არ არის. მთელი ცხრა უზარმაზარი წელი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ?!
სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინია – ერთი ტექსტი წავიკითხე ადრე, ბევრი , ბევრი წლის წინ.
ავტორი ამბობდა, რომ პატარაობისას, ყველაფერი უზომოდ დიდი ეჩვენებოდა. უზომოდ ვრცელი და დაუსრულებელი, მაგრამ როცა გაიზარდა, ყველაფერმა დაპატარავება დაიწყო. თითქოს, სამყარო შეიკუმშა , შეიკრა, მუჭისტოლა გახდა. დაპატარავდა კარადები, საწოლი, ტანსაცმელი, მთელი მსოფლიო…
ახლა, როცა ვუყურებ ცარიელ საკვამურს, ბუხარს, სადაც თითქმის აღარ ვანთებთ ცეცხლს, მეშინია, რომ ცხოვრება შევიწროვდება, ხელისგულზე დამეტევა მთელი სამყარო და აღარ იქნება ადგილი ჩემთვის. აღარ იქნება ჩემი სამყოფი ჰაერი. ისე გავიზრდები, რომ ზემოდან დავხედავ მიუწვდომელ თაროებს და მივხვდები, რომ იქ ელფები კი არ ცხოვრობენ, არამედ მხოლოდ მტვერია, მტვერი და მეტი არაფერი.
ჰოდა, მაშინებს ეს მტვერი, დაგვიანებული წერილები და დროც.
და ვფიქრობ, ხომ არ გავიზარდე?! ამის გამო ხომ არ გადაიფიქრეს ჩემთვის წერილის მოწერა?! ხომ არ იფიქრეს, რომ გვიანია, მარიამი დიდი გოგოა, აღარაფერი ესაქმება ჯადოქრების სკოლაში?!
არ ვიცი. ვერც ხმას ვაწვდენ იქამდე. ჩემი ხმა ძალიან სუსტი და მეტისმეტად ადამიანურია.
მე ჯიუტი ვარ და მაინც ველოდები. მე ძალიან ჯიუტი ვარ და ისიც მინდა, არანორმალურად მაინტერესებდეს, გავალ თუ არა მარადმწვანე ტყეში, კაშკაშა ლამპიონთან, თუ ბებიაჩემის კარადაში შევძვრები… და ჰო, არ მავიწყდება დიდი, ქუნქულა ხე, რომელიც მხოლოდ გემრიელ, ფუმფულა კარამელს ისხამს.
“რაც გულით გსურს, ასრულდება!”
“რაც გულით გსურს, ასრულდება!”
“რაც გულით გსურს, ასრულდება!”
“რაც გულით გსურს, ასრულდება!”
– ვიმეორებ –
“ჯერ არ უნდა გავიზარდო! ჯერ არ…”