ფრიდა კალო (Frida Kahlo; დ. 6 ივლისი 1907, კოიოაკანი, მექსიკა ― გ. 13 ივლისი 1954, მეხიკო, მექსიკა) — მექსიკელი ფერმწერი, მისი ქვეყნის თვითმყოფადი კულტურის რეალიზმის, სიმბოლიზმისა და სიურრეალიზმის კომბინირებულ სტილში ასახვით; კომუნისტური აქტივისტი, მექსიკელი მიურალისტისა და კუბისტი მხატვრის დიეგო რივერას მეუღლე.
მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი (ესპ. Magdalena Carmen Frieda Kahlo y Calderon), დაიბადა მშობლების სახლში კოიოაკანში, რომელიც იმჟამად მცირე ქალაქი იყო მეხიკოს შემოგარენში. მამამისი, გილერმო კალო, გერმანულ-ებრაული წარმოშობის მხატვარი და ფოტოგრაფი, მექსიკაში ორადეადან, (რუმინეთი), გადმოსახლდა. ექვსი წლის ასაკში ფრიდას პოლიომიელიტი გაურთულდა, რის შედეგადაც მას კიდურების სიმახინჯე შერჩა (მარცხენა ფეხი გაცილებით სუსტი ჰქონდა ვიდრე მარჯვენა). მიუხედავად ამისა, თავისი მეომარი სულითა და უდრეკი ხასიათის წყალობით მან ამ ნაკლის გადალახვა მოახერხა.
1925 წელს ტრამვაისა და ავტობუსის, რომელშიც ფრიდა იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამოვარდნილმა რკინის ხელსაჭიდმა მილმა მას ხერხემალი გაუტეხა და საშვილოსნოში გაუარა. თუმცა ფრიდა გადაურჩა ამ ჭრილობებს და საბოლოოდ სიარულიც შეძლო, მაგრამ პერიოდულმა აუტანელმა ტკივილებმა მას მთელი ცხოვრება გაუმწარა. ამ ინციდენტის შემდეგ, ფრიდა სამედიცინო კარიერას თავს ანებებს და ფერწერას იწყებს. ტილოები, რომლითაც ის საკუთარ განცდებს გამოხატავდა, ხშირად მაყურებელს შოკში აგდებს ქალთა ტკივილისა და მძიმე ცხოვრების გაზვიადებული ასახვით. მისი 143 ფერწერული ტილოდან ორმოცდათხუთმეტი ავტოპორტრეტია და ასახავს პერსონალურ სიმბოლიზმს მწვავე ანატომიური მინიშნებებით. მასზე ასევე ზეგავლენა მოახდინა მექსიკელ ინდიელთა კულტურამ, რაც მის ნამუშევრებში მკვეთრი ფერებითა და რეალიზმისა და სიმბოლიზმის ნარევით გამოისახა.
#ფრიდაკალო
#ხელოვნება
#რეალიზმი
#სიმბოლიზმი
Tbilisi