კინტო, როგორც ძველი თბილისის ერთ-ერთი სიმბოლო

0
„ავარ-ავარ დავდივარ, ღამე შინ არ შავდივარ, დედაჩემსა ჰგონია, სულ ქალებში დავდივარ“. ჩვენს ქვეყანაში კინტოს ხსენებაზე ადამიანებს ქეიფი, ენაკვიმატი სიტყვა-პასუხები, ცეკვა-თამაში და ელეგანტურად გამოწყობილი მამაკაცები ახსენდებათ, რომლებიც შესაშური გრაციოზულობით დაატარებდნენ თავზე შემოდგმულ ჭურჭელს, რომელზეც გასაყიდად დაწყობილი ლამაზად შეფუთულ-დასუფთავებული ხილ-ბოსტნეული თუ სხვა სანოვაგე ელაგათ. ისინი ამ პროდუქტს საოცარი მანერით ჰყიდიდნენ თბილისურ ბოჰემაზე, რომელსაც ბაზარში გასვლა, ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად ავალებდა. კინტოებს, მათი ენაკვიმატი სიტყვა-პასუხისა და ვაჭრული ისტატობის გამო, ხშირად ადანაშაულებდნენ უტიფრობასა და ყაჩაღობაში და ამიტომ არასდროს ენდობოდნენ, თუმცა ყოველთვის მიმართავდნენ, თუ სიცხის დროს ბაზრობაზე გასვლა ეთაკილებოდათ, ან "ნისიაზე" ყიდულობდნენ, რაც იმ დროს დანერგილი პრაქტიკა იყო. გულღია კინტოები კი თანხას მეორე დღეს აკითხავდნენ. ასევე ცნობილია, რომ ისინი ხელგაშლილად ცხოვრობდნენ და სმა-ჭამაში ატარებდნენ დროს, ამისათვის ფული, რა საკვირველია ყოველთვის ჰქონდათ და არ ენანებოდათ. ამ პატარა ამონარიდშიც კარგად ჩანს მათი მიდგომა ფულისადმი. "ამბობენ, ერთხელ ბაზარში მირზოევს ეძნელებოდა ძვირფასად თევზის ყიდვა. მაგრამ იმავე თევზისა თურმე უვაჭრელად ერთმა კინტომ იყიდა. როდესაც მირზოევი შეჰკითხებია სიძვირეზე, კინტოს უპასუხნია, „მინამ ჯიბეში მაქვს ასე ვიცხოვრებ და როცა გამომელევა, მაშინ შენსავით ვიცხოვრებო“. ცეკვა "კინტაურის" შესახებ უამრავი მითქმა-მოთქმა დადის, ამბობენ, რომ ეს ცეკვა კარგად ასახავს "კურტუმოს-მოქნეულ" და ჰომოსექსუალ კინტოებს, მაგრამ ეს შედარება ალეგორიულ-მითოლოგიური ხასიათის უფროა, რადგან როგორც ტურაშვილი იტყოდა "არც ყველა კინტოა ჰომოსექსუალი და არც ჰომოსექსუალია ყველა კინტო, " ამიტომ ამის შესახებ ცალსახა მტკიცება არ არის ლოგიკური. ეს დებულება უფრო იმ ფენებიდან ამოდის, ვისაც თავის დროზე კინტოთა არსებობა, თბილისის ქუჩებში, არასწორად მიაჩნდა. იმია მიუხედავად, რომ ელიტას კინტოები არ მოსწონდა, ისინი თავის წყაროებში იუწყებიან, რომ კინტოები ყოველთვის სუფთად ჩაცმულნი და გამოწკეპილნი იყვნენ, მათი გასაყიდი პროდუქტი, ზედმიწევნით გარეცხილი იყო. სმა-ჭამა, თამაშის დროსაც კი არ გადადიოდნენ ღრეობაში და ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ, როგორც იმდროინდელი თბილისელები იტყოდნენ "ერგებოდა და ირგებდა" მათ მიმართ ინტერესი არა მხოლოდ პროზაიკოს თუ პოეტ მწერლებს, არამედ ფერმწერთ და მუსიკოსებსაც დიდი ჰქონდათ. კინტოების გამოსახულებას იხილავთ ისეთი მხატვრების ტილოზე, როგორიცაა, რევაზ თარხან-მოურავი, ბორის რომანოვსკი, ნიკო ფიროსმანი და სხვა მრავალი. დღემდე, სწორედ ამ ნახატებით გვექმნება წარმოდგენა იმ თბილისურ გარემოზე, რომელსაც ასე ვეტრფით და ვარომანტიზირებთ. ახლა კი შემოგთავაზებთ ფრაზებს, რომლებიც ისტორიული წყაროებიდან შემოგვრჩა და კინტოს ყოველდღიურობას ასახავდა. კინტო მღერის: „არღანჩიკო, დაუკარ, ფაიტონჩიკ, გარეკე“. კინტო თავის ოჯახსაც არ ინდობს; „ჩემი ცოლი ანანა ხან მწყალობს და ხან არა!“. კინტო სასმისს ქალის ფეხსაცმლით სვამს: „დე, ჩაჭყაპე ღვინოს კახურს, მაგ თეთრ ტუფლით სვამდეს, სცლიდეს; მას ეშხისგან ტვინი უხურს, - ანუშკაჯან, არ შეგცივდეს!“ კინტოს "ინსტიტუტმა" გასული საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება, შემდეგ კომუნისტებმა ისინი, სხვა წვრილვაჭრებთან ერთად გადევნეს, თუმცა მათ მიერ დატოვებული რომანტიკული ელფერის კვალი ვერ წაშალეს, სწორედ ამიტომ კინტოს ხსენების დროს, ყველას ძველი თბილისი, კონკა და აბანოთუბნის ტერიტორია გვახსენდება თავისი ულამაზესი ვერანდებით, ძველი თბილისის არქიტექტურითა და ქუჩაში მოსეირნე ელიტით. #კინტო #აბანოთუბანი #ძველითბილისი #TbilisiDaily
0