რა არის ოზონოთერაპია, რომელიც ბათუმში გამოიყენეს?

0
გუშინ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" ოზონოთერაპიის მეთოდით მკურნალობის შედეგად 3 პაიცენტმა კორონავირუსის დამარცხება 8-9 დღეში შეძლო. როგორც ირკვევა, ბათუმში ოზონოთერაპიას იყენებს სპეციალისტი ლადო თალაკვაძე, რომელიც საქართველოს ოზონოთერაპევტთა ასოციაციის თავმჯდომარეა. ოზონოთერაპია პაციენტში ოზონის შეყვანას გულისხმობს. ოზონს (O3) გააჩნია ანტივირუსული ქმედება. ოზონის შრე დედამიწის ბუნებრივი "ფარია", რომელიც ატმოსფეროს გარედან აკრავს. გლობალურ დათბობასთან ერთად, ოზონის შრემ რღვევა დაიწყო და რამდენიმე ადგილას უკვე გაირღვა კიდეც, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, რაც შრის ბზარები აღდგენას იწყებს. თალაკვაძის განმარტებით, "დედამიწაზე სიცოცხლე რომ არსებობს, არის ოზონის შრეს დამსახურება", და ოზონოთერაპიაც ნივთიერების ანტივირუსულ, დამცავ პრინციპზეა დაფუძნებული. როგორც თვითონ თალაკვაძემ განუცხადა "ბათუმელებს", საქართველოში ეს მეთოდი კორონავირუსის წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს და მსოფლიოშიც თითქმის არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ მეთოდის ეფექტურობის შესახებ. ამერიკაში, ტექსასის შტატში კორონავირუსის ოზონოთერაპიით მკურნალობა სასამართლომ აკრძალა და ეს მეთოდი ეფექტიანად არ ჩათვალა. თუმცა, ჯერ არ დადებულა სამეცნიერო კვლევა, რომელიც ოზონოთერაპიას ერთმნიშვნელოვნად "ეფექტურად" ან "არაეფექტურად" გამოაცხადებდა, აშშ-ში კი დავა განიხილა სასამართლომ და არა - სამედიცინო ექსპერტებმა. თერაპიის ეფექტურობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია ნამდვილი ექსპერიმენტის მეთოდი (true experiment). მეთოდის თანახმად, იმისთვის, რომ დამაჯერებელი შედეგი მივიღოთ სამეცნიერო დაკვირვებებში, ადამიანები (ამ შემთხვევაში, კორონავირუსით დაავადებულები) შემთხვევითობის პრინციპით უნდა გადანაწილდნენ ორად - ექსპერიმენტალურ (ვისაც მკურნალობა ჩაუტარდება) და საკონტროლო (ვისაც მკურნალობა არ ჩაუტარდება) ჯგუფებში. მკურნალობის დაწყებამდე ორივეს უნდა ჩაუტარდეს პრე-ტესტი, თავდაპირველი მდგომარეობის დასადგენად, ხოლო შემდეგ - პოსტ-ტესტი, მკურნალობის შედეგის დასადგენად. როცა საქმე ვაქცინის გამოცდას ეხება, საკონტროლო ჯგუფი პლაცებოს (ფიზიოლოგიურ ხსნარს ან სხვა უვნებელ ნივთიერებას) ღებულობს. ასე, მონაწილეებმა არ იციან რომელ ჯგუფში არიან. ხშირად, მეტი დამაჯერებლობისთვის, ასეთი ექსპერიმენტი ორმაგი-ბრმა ფორმატით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვლევარმაც არ იცის, რომელ ჯგუფს უტარდება ნამდვილი მკურნალობა. ასეთი კვლევის შემდეგ მეცნიერებაში შეიძლება მეტ-ნაკლებად დარწმუნებით ითქვას, მუშაობს თუ არა მკურნალობის მეთოდი. შესაბამისად, რომ გავიგოთ, მუშაობს თუ არა ოზონოთერაპია, ასეთი მანიპულაცია უნდა ჩატარდეს. მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიტუაცია ყველასთვის სიახლეა და სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს, ტრადიცილური პროტოკოლის გადახედვა ხშირად ხდება. რა ვიცით ოზონოთერაპიის მსოფლიო გამოცდილების შესახებ: აშშ-ს სამედიცინო ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ოზონოთერაპია უკვე საუკუნეა, რაც გამოიყენება და მინმალური გვერდითი ეფექტები გააჩნია. კვლევის თანახმად, ოზონოთერაპიას შეუძლია განკურნოს ვირუსული და ინფექციური დაავადებები, რევმატიზმი და SARS-იც კი (კორონავირუსი SARS-Cov-2-ია). სხვა კვლევები ამბობენ, რომ ოზონოთერაპიის არაძირითად მეთოდად გამოყენება ხშირად ძირითადი მეთოდის ეფექტურობას ზრდის. კვლევა გამოქვეყნებული "Journal of Infectious Diseases and Epidemiology" - ში ხსნის, რომ კორონავირუსის ტიპის ვირუსები მდიდარია ცისტინით, რომელიც ვირუსის გავრცელებისთვის მნიშვნელოვანია. ოზონოთერაპია ვირუსს ზედმეტი ცისტინის გზას "უკეტავს'. მეთოდის კიდევ ერთ ძლიერ მხარედ კი ავტორები მის ფასს ასახელებენ - თერაპია იმდენად ცოტა ხარჯთან არის დაკავშირებული, რომ მისი გამოყენება ღარიბ ქვეყნებშიც შესაძლებელია. ჟურნალში გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევა კი იუწყება, რომ ლომბარდიის რამდენიმე საავდმყოფოში ოზონოთერაპიის გამოყენება უკვე დაიწყეს. სამეცნიერო გამართლებად ასახელებენ იმას, რომ მაიმუნის უჯრედებში ოზონოთერაპიამ სარსის ტიპის ვირუსი დამაჯერბელად გაანადგურა. ისევ სახელდება ოზონის ანტივირუსული თვისება, როგორც მეთოდის გამოყენების ერთ-ერთი გამართლება. მეცნიერებისთვის სენსაციებისკენ სწრაფვა უცხოა და ის ბუნებით კონსერვატიულია - ახალ მეთოდს კლინიკური ცდები სჭირდება, რომ დამკვიდრდეს. ასევე ითვლება, რომ არასწორი მეთოდის სწორად დამტკიცება გაცილებით უფრო საშიში შეცდომაა, ვიდრე სწორი მეთოდის იგნორირება. ბუნებრივია, ახალმა კორონავირუსმა ბევრი რამ შეცვალა და იმედია, ამ მეთოდის კლინიკური გამოცდები მალე დაიწყება - შესაძლებელია, ის წარმატების მომტანი აღმოჩნდეს.
#ოზონოთერაპია
#ოზონი
#ბათუმი
#კორონავირუსი
#batumidaily
0