კასპში უკვე ოთხი წელია ოკუპაციის მუზეუმი ფუნქციონირებს

0
2016 წლიდან, კასპში ერთ-ერთი სკოლის სარდაფში ოკუპაციის მუზეუმი ფუნქციონირებს. აღნიშნულ მუზეუმში, რომელიც კერძო ინიციატივით შეიქმნა, გამოფენილია მასალა, რომელიც მოგვითხრობს, იმ რეპრესირებულთა შესახებ, ვინც საბჭოთა კავშირს შეეწირა. როგორც ცნობილია, საქათველოში ასეთი ბევრი იყო, თუმცა ქვეყნის მასშტაბით არც ისე ბევრი სივრცეა, რომელიც ამ რეპრესიების შესახებ მოგვითხრობს და რაც მნიშვნელოვანია, ჩვენი უახლესი ისტორიის გასაცნობად და ბევრი ფაქტის გადასაფასებლად. საინტერესოა, იმ ადამიანის მოსაზრება, ვისი იდეითაც ჩაეყარა საფუძველი აღნიშნული სივრცის შექმნას: „ჩვენი მუზეუმის შექმნის იდეა , 2015 წლიდან იღებს სათავეს . იდეა ეკუთვნის ჩემს მეგობარსა და მუზეუმის თანადამაარსებელ ვანო ჯახუას . აქვე ვიტყვი იმას , რომ ეს შენობა , რომელიც 2012 წლის გაზაფხულიდან , გიმნაზიის საკუთრებაა, უწინ საბჭოთა მილიციის ყოფილი შენობა იყო. ამ შენობის ნულ სართულზე კი სამარტოვე საკნები, სათათბირო ოთახები და ბევრი საინტერესო რამ დაგვხვდა, რაც საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს ნათლად ასახავდა ამას დაემთხვა ის, რომ 2015 წელის სექტემბერში, სასწავლო ვიზიტით ვიმყოფებოდი პოლონეთში, სადაც ჩემი თვალით ვნახე , როგორ უტარებდნენ პოლონელ მოსწავლეებს ისტორიისა და სამოქალაქო სწავლების გაკვეთილებს ასეთ ისტორიულ ადგილებში, რათა ბავშვებს სცოდნოდათ არა მითები, არამედ რეალური ისტორიები. ჩამოსვლისთანავე მე და ვანომ.დავიწყეთ აქტიური მუშაობა მუზეუმის თემაზე. ეს იყო 1 წლიანი ყოველდღიური, ყოველ წამიერი მუშაობის პროცესი. პირველი ვინც ამ მუზეუმის შექმნაში დაგვეხმარა ეს იყო ორგანიზაცია PH international , რომელიც USAID დაფინანსებით ახორციელებს სამოქალაქო განათლების განვითარების ხელის შემწყობ პროგრამას "მომავლის თაობა", სწორედ ამ პროგრამის მცირე გრანტი მოვიგეთ, რომელიც ითვალისწინებდა არა მხოლოდ მუზეუმის სივრცის მოწყობას, არამედ მეცხრე და მეათე კლასების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობებში, რაც მოსწავლეებს მისცემდა დიდ ცოდნას, უშუალოდ იმ რეპრესიების შესახებ, რაც საბჭოთა პერიოდში, კასპის რაიონში დაატრიალეს. თემა მძიმე იყო, მაგრამ იმდენად საინტერესო მათთვის, რომ თავადვე გამოთქვეს სურვილი მუზეუმის სივრცის მოწყობაში მიეღოთ მონაწილეობა.“ - გვიამბობს მუზეუმის დამაარსებელი, ნინო ნიფარიშვილი. საკუთრივ სამუშაოები, ეტაპობრივად და დროში გაწელილად მიმდინარეობდა, თუმცა როგორც ნინო გვიამბობს, თავად მუზეუმის გახსნა, იდეის გაჩენიდან, რამოდენიმე თვეში მოხერხდა: „პროექტს მაშინვე გამოუჩნდნენ თანადამფინანსებლები, ჰაიდელბერგ ცემენტისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახით და 2016 წლის 20 მარტს გავხსენით ჩვენი პირველი სამუზეუმო სივრცე. ამ სივრცეში ბანერებზე თავმოყრილია იმ კასპელების მასალები, რომლებიც საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა. მოწყობილი გვაქვს ასევე მაშინდელი შინსახკომელის იმიტირებული კაბინეტი. ხელუხლებლად, პირვანდელი სახე დავუტოვეთ სამარტოვე საკნებს, მაგრამ სამუშაოები ბევრი იყო დარჩენილი, ეს იყო მხოლოდ ათვისებული ფართის 20%. 2018 წელს, ორგანიზაციის "მეგობრობის ხიდი ქართლოსი" ხელშეწყობითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, შევძელით და აუთვისებელი ფართი მთლიანად გავწმინდეთ. სამუშაოებში ასევე დიდი წვლილი შეიტანა გიმნაზიის ადმინისტრაციამ. სამუზეუმო სივრცეს კი შევმატეთ კიდევ ერთი საგამოფენო სივრცე, სადაც განთავსებული ბანერები, გვიყვებიან დეტალურ ისტორიებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისტორიები გეორგიევსკის ტრაქტატიდან, 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით.“ საკუთრივ მუზეუმის იდეა, არ მოიცავს მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას, ანუ ვიწრო სამუზეუმო პლათმორმას. აღნიშნული სივრცე გამოიყენება, როგორც სასწავლო ისე სხვადასხვა სახის შეხვედრების ადგილს: „მუზეუმში არა ერთი საინტერესო პროექტი და შეხვედრა ჩატარდა . მუზეუმს ყავს როგორც ქართველი ასევე უცხოელი დამთვალიერებელი . გიდობა კი ჩვენს მაღალ კლასელ მოსწავლეებს აქვთ შეთავსებული. მუზეუმის მონახულება უფასოა, აგრეთვე ტარდება ინტეგრირებული და ასევე ერთობლივი გაკვეთილები რამდენიმე სკოლის კლასებთან. ძირითადად ისტორიისა და სამოქალაქო განათლების თემატურ გაკვეთილები.“ აგრეთვე, მუზეუმის მთავარი იდეაა, მოხდეს იმ უახლესი ისტორიის გადაფასება, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას: „ჩვენი მუზეუმის მისია ესაა, მომავალ თაობას უამბოს ის რეალური ისტორიები , რომელიც საბჭოთა სისხლიანი რეჟიმის ფერებითაა შეღებილი. გავაცოცხლოთ იმ უდანაშაულო ხალხის სახელები, რომლებიც სტალინურ რეპრესიებს შეეწირნენ.“ - გვიამბობს, ნინო ნიფარიშვილი.
0