18 წლის ბიჭის ცემის საქმე

0
18 წლის ე.თ-ს ცემის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს არსებითი განხილვა 28 სექტემბერს უნდა დაეწყო. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანს მხარეთა შესავალი სიტყვა უნდა მოესმინა და შემდეგ, მოწმეთა დაკითხვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა დაცვის მხარემ, ადვოკატმა შუამდგომლობა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მან ბრალდებულის თ.კ-ს პროცესზე ფიზიკურად დასწრება მოითხოვა. „ბრალდებული კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, პროცესზე დისტანციურად არის ჩართული, დაცვის მხარემ სასამართლოს დაწყებისას მოსამართლეს შუამდგომლობა წარუდგინა და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის პროცესზე უშუალოდ დასწრება, აქედან გამომდინარე პროცესი გადაიდო“ , - განმარტა ე.თ-ს ოჯახის წარმომადგენელმა თამარ თედლიაშვილმა. მისივე ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიებასთან კითხვები არ აქვთ, თუმცა ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, დაესწრება ყველა პროცესს. „ამ ეტაპზე გამოძიებასთან და სასამართლოსთან კითხვები არ გვაქვს, თუმცა დავაკვირდები ყველა პროცესს და თუ რაიმე კითხვა გაჩნდება, აუცილებლად გავაჟღერებთ“ , - განმარტა თედლიაშვილმა. ჯერჯერობით უცნობია, დაკმაყოფილდება თუ არა დაცვის მხარის მოთხოვნა, თუმცა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა განაცხადა, რომ სასამართლო თავის მხრივ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ბრალდებულის პროცესზე ფიზიკურად დასწრება მოხერხდეს, თუმცა მისივე განმარტებით, საბოლოოდ, ეს დამოკიდებულია პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებაზე. შემდეგი პროცესი 9 ოქტომბერს დაინიშნა ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
0