ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს

0
შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე გადაიხედოს ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა. შესაბამისად, აუცილებელია, ყველამ მკაცრად დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები და უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის - პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცია. "მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დღეიდან დაიწყო. აღნიშნული ეტაპი გულისხმობს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით თავისუფალ გადაადგილებას და ტაქსების ოპერირებას. დღეიდან დაშვებულია ყველა ტიპის ონლაინვაჭრობა - როგორც საბითუმო, ისე საცალო. ასევე, დღეიდან სრულად დაშვებულია მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და საქმიანობას განაგრძობენ ღია ტიპის აგრარული ბაზრებიც. ყველა შემთხვევაში სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მიერ დადგენილი წესების გათვალისწინება, რომელთა დარღვევა მუშაობის უფლების შეჩერებას გამოიწვევს. ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაშია "კომენდანტის საათის" მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, აკრძალულია თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. თუმცა, დღეს და ხვალ - 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ამ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა, მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ხოლო რეგისტრაციის - იურიდიულ მისამართზე დაბრუნებას მოქალაქეები ნებისმიერ დღეს შეძლებენ. ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. სხდომაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ მიზნობრივ სოციალურ და ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის ფარგლებში, თითოეული დარგობრივი სამინისტრო მიმდინარე კვირას დეტალურ პრეზენტაციებს გამართავს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, სამინისტროები წარადგენენ გეგმის შესაბამისად გაწერილ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლის მიხედვითაც დაიწყება ანტიკრიზისული გეგმის პრაქტიკული განხორციელება - მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა მოქალაქეებისთვის და ასევე, მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება კერძო სექტორისთვის", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
#კორონავირუსი
#უწყებათაშორისოსაბჭო
#სხდომა
#მთავრობა
#
tbilisidaily
0