Respekt: რუსები შესაძლოა ჩეხ პოლიტიკოსებზე თავდასხმას გეგმავდნენ

0
დაახლოებით 3 კვირის წინ, რუსეთიდან პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, რუსული დიპლომატიური პასპორტის მქონე პიროვნება ჩავიდა. ადგილზე მას რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები დახვდნენ ავტომობილით და საელჩოში გადაიყვანეს. პრაღაში ჩასულ მგზავრს ხელში სამგზავრო პორტფელი ეჭირა, რომელშიც შესაძლოა მომაკვდინებელი საწამლავი, ე.წ. რიცინი ყოფილიყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ყოველკვირეული ჩეხური გამოცემა Respekt-ი, ჩეხეთის უსაფრთხოების ძალებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აეროპორტში პიროვნების ჩასვლისთანავე, ადგილობრივმა უსაფრთხოების ძალებმა, რამდენიმე პრაღელ პოლიტიკოსს პირადი დაცვა გაუძლიერეს. ესენი არიან დედაქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ონდრჟეი კოლარჟი და პრაღის მერი ზდენეკ ჰრჟიბი. იმ ფაქტის შესახებ, რომ აღნიშნული პიროვნებები დაცვის ქვეშ აიყვანეს, იმავე გამოცემა Respekt-მა ერთი კვირის წინაც განაცხადა, მაგრამ აღნიშნულზე ოფიციალური კომენტარი არც მერს და არც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გაუკეთებიათ. ამის მიუხედავად, პრაღის მერის სპიკერმა დაადასტურა, რომ ზდენეკ ჰრჟიბი აღარ იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და უსაფრთხოებით გამოწვეული მიზეზების გამო, სამსახურში ავტომობილით გადაადგილდება. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ონდრჟეი კოლარჟი ქალაქში არსებული საბჭოთა მარშალ კონევის ძეგლის დემონტაჟის ერთ-ერთი ინიციატორი არის. რაც შეეხება ზდენეკ ჰრჟიბს, თებერვლის ბოლოს იგი ლობირებდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომლის მიხედვით, პრაღაში, რუსეთის საელჩოს წინ არსებულ მოედანს სახელი შეეცვალა და მას მოკლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის სახელი ეწოდა. ზემოხსენებულმა მოქმედებებმა ჩეხეთში მყოფი რუსი დიპლომატების უკმაყოფილება გამოიწვია. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ძეგლის დემონტაჟის გამო საპასუხო მოქმედებით „დაიმუქრა“, ხოლო თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ჩეხეთის ხელისუფლებას წერილი მისწერა და ძეგლის რუსეთში გადატანა მოითხოვა. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოწერა კანონს „სამხედრო სასაფლაოებისა და მონუმენტების დაზიანებისგან დაცვის“ შესახებ. ჩეხეთის დედაქალაქში კონევის ძეგლი 1980-იანი წლებიდან იდგა და ადგილობრივი მოქალაქეებისთვის მისი იქ ყოფნა მიუღებელი იყო, რადგან იგი მონაწილეობდა ომის შემდგომ დაპატიმრებებსა და დეპორტაციებში იმ რუსი წარმომავლობის ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც სტალინის რეპრესიებს გაექცნენ. შესაბამისად, ონდრჟეი კოლარჟმა მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Respekt: Russian intelligence officer brought ricin to Prague to assassinate Prague mayor and several other politicians (27.04.2020), www.currenttime.tv
#Czech
#Prague
#Russians
#statue
#assassination
#headline
#politics
0