„ღირსების მარში“ შესაძლოა მაინც ჩატარდეს

0
https://primetime.ge/ghirsebis-marshi-shesadzloa-maints-chatardes/ ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც იკრძალება 3 ადამიანზე მეტის შეკრება, ამ დრომდე არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამასთან აკრძალულია მანიფესტაციები. გაჩნდა კითხვა, რა ფორმით ჩატარდება წელს „თბილისი პრაიდი“ ე.წ ღირსების მარში, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ აქციის ორგანიზატორებმა ყოველწლიური სახე მისცეს და მაისის თვის მოახლოებასთან ერთად ეს თემა ყოველთვის აქტუალური ხდება და საზოგადოების ორ რადიკალურ ნაწილში დაპირისპირებას იწვევს. „პრაიმტაიმი“ Tbilisi Pride-ის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არსებულ სიტუაციასთან ადაპტირება მოუხდათ, ამიტომ აქტივობები, რომელიც იგეგმება ძირითადად ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. „იმის მიხედვით, რომ გეგმები სხვანაირი გვქონდა ცხადია, მას შემდეგ რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მოგვიწია ადაპტირება. აქტივობებს, რომელიც ადამიანების შეკრებას გულისხმობს საჯარო სივრცეში, არ ვაპირებთ. თუმცა, ვმუშაობთ იმაზე, რომ ვადაპტირდეთ არსებულ სიტუაციასთან და განვაგრძოთ მუშაობა ონლაინ რეჟიმში. იმის შესახებ, თუ რა ტიპის აქტივობებს გავაკეთებთ, ეტაპობრივად დავდებთ ჩვენს სოციალურ ქსელებში. მაგრამ ისე, რომ საჯარო შეკრების და მანიფესტაციის უფლებით ვისარგებლოთ არ ვაპირებთ ამ ვითარებაში, არც 17 მაისს და არც „თბილისი პრაიდის“ დროს“, – ამბობს გიორგი თაბაგარი. თაბაგარი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ღირსების მარში შესაძლოა ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობითაც კი ჩატარდეს. მისივე თქმით ამ საკითხზე ჯერჯერობით მხოლოდ კონსულტაციები მიმდინარეობს. „მიდის კონსულტაციები, თუმცა ამაზე უახლოეს დღეებში გავავრცელებთ ინფორმაციას, ამ ეტაპზე ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. ვმსჯელობთ და ვფიქრობთ, რა მეთოდი მოვიფიქროთ, რომელიც ჩაანაცვლებს მანამდე აქტივობებს ყველაზე უკეთ. ვგეგმავთ პარტიზანული შინაარსის აქტივობებს. ძირითადი ნაწილი ყველაფრის იქნება ონლაინ, რადგან გადაადგილება შეზღუდული გვაქვს და ვერ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც კანონსაწინააღმდეგო იქნება. შესაძლოა იყოს ასევე პროექტული აქტივობები, რომელიც შესაძლოა ასევე ონლაინ ჩავატაროთ. ასევე კონკრეტულ ქუჩაზე სტენსილის გაკეთება. ამ კვირაში გადაწყდება ყველაფერი“, – გვითხრა გიორგი თაბაგარმა. ცნობისთვის, 17 მაისს, როდესაც მსოფლიოში ჰომობობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, საქართველოში სასულიერო პირები და მრევლი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავენ. ეს საკითხი კი ყოველთვის იწვევს საზოგადოების ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებას და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. გასულ წელს, სწორედ ასეთი დაპირისპირების გამო ვერ მოხახერხეს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა აღლუმის ჩატარებ და აქცია 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გამართეს.
0