რომელი დანაშაულებრივი ქმედებები აღიარა ვანო მერაბიშვილმა?

0
ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური წარსული და ბრალდებები, რის გამოც უკვე მოიხადა სასჯელი, ყველას კარგად მოგეხსენებათ, ამის შესახებ არერთი სტატია დაგვიწერია. პოლიტიკოსს საკმაო დრო ჰქონდა, იმისათვის რომ გაეაზრებინა წარსული ქმედებები. გუშინდელ ინტერვიუში მერაბიშვილმა ნაწილობრივ აღიარა საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები, ახლა კი მოკლედ განვიხილოთ. გირგვლიანის საქმის ხელახალმა გამოძიებამ, იმ დროინდელ მაღალჩინოსნებს ბრალი დასდო ინფორმაციის დამალვასა და ძალაუფლების გადაჭარბებაში. ეს იყო ერთ-ერთი საქმე, რის გამოც ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდა. მისი თქმით, ეს არის უდიდესი ტრაგედია, როგორც ქვეყნის, ასევე გარდაცვლილის ოჯახისთვის. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სწორი იქნებოდა, თუ მეტ სიმტკიცეს გამოიჩენდა და გადადგებოდა, რაც იმ პერიოდში სააკაშვილის მიერაც განიხილებოდა, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამას არ მოჰყოლია. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, იგი საქმეში ბოლომდე არ ჩარეულა, თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ ციხეში მჯდომი ყველა პირი დროზე ადრე შეიწყალეს, მანამდე კი ისინი თავისთვის ხელსაყრელ პირობებში იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმეში, მერაბიშვილს პატიმრებისათვის კარგი პირობების შექმნა და ძალაუფლების გადამეტება დაედო ბრალად. 7 ნოემბერს, იმ დროინდელმა ხელისუფლებამ გასცა განკარგულება, რომ მოქალაქეთა ლეგიტიმური აქცია დაშლილიყო. ეს არის ის ბრალდება, რომელსაც არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ ნებისმიერი დებატებისა თუ ინტერვიუს დროს დღემდე ახსენებენ ნაციონალურ მოძრაობას. ვანო მერაბიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი არაფერი უთქვამს. მან განაცხადა, რომ შეკრებილი საზოგადოება იმართებოდა რუსული ძალის მიერ, ხოლო ბადრი პატარკაციშვილი იყო რუსეთის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი. რაც შეეხება მოქალაქეთა დარბევას, მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ძალის გადამეტება იყო მათი ბრალი, რადგან სპეცრაზმი სათანადოდ ვერ დაატრენინგეს და იგი ამას გამოუცდელობასა და დაბნეულობას აწერს. ნოემბრის აქციის ორგანიზატორების შესახებ ინფორმაციას უამრავი წყარო აქვს, თუმცა აქ მნიშვნელოვანი არა ორგანიზატორთა, არამედ იმ ხალხთა პროტესტია, რომელსაც არ სურდა ნაციონალური მოძრაობა ყოფილიყო ხელისუფლებაში და მიმართეს მანიფესტაციის უფლებას თუმცა მმართველი პარტია არ წავიდა კომპრომისზე. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს, რომლის დარბევასაც ხშირად იმით ამართლებენ, რომ ტელევიზია სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა, ვანომ აღიარა, რომ ყველაფრის მიუხედავად ეს იყო ძალის გადამეტება და დამოკრატიის პრინციპების დარღვევა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ მოვლენებს იგი ასევე დაბნეულობასა და გაუგებრობას აწერს. ყველასათვის ცნობილი ციხის კადრებიც არ დარჩა ყურადღების მიღმა. როდესაც ეს კადრები გავრცელდა, ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. იგი განმარტავს, რომ ციხის კადრების ერთი ნაწილი იყო რეალური, ხოლო მეორე დადგმული. საინტერესოა, ვანო მერაბიშვილის მიერ ნაშენებ სტრუქტურაში, სადაც იგი აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა, როგორ მოხდა ისე, რომ ოპოზიციაში მყოფმა პარტიამ შეაღწია საკანში, შეიტანა სპეციალური ნივთები და დადგა წამების სცენები ? კონტროლის მექანიზმი სრულიად მოშლილი იყო? აქედან გამომდინარე ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, იმის შესახებ, რომ თუ ეს სცენები მართლაც დადგმულია, მაშინ სწორედ უწყებაში მყოფმა პირმა შეუწყო ხელი კონკრეტული სცენების გავრცელებას, რასაც მერაბიშვილი ასევე არ გამორიცხავს. იგი საკუთარ თავზე იღებს დანაშაულს და აცხადებს, რომ პატიმრები რეალურად უკეთეს პირობებში იმყოფებოდნენ, ვიდრე ეს გავრცელებულ კადრებშია ნაჩვენები. აქვე შეგახსენებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი ღია საზოგადოების მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის მცირე ნაწილს. 64%-ის თქმით, პატიმრებს ყოველ დღე აწამებდნენ 75% ამბობს, რომ ფიზიკური წამების მსხვერპლი იყო 39% ამბობს, რომ ყოველ დღე აწამებდნენ 84% საუბრობს ფსიქოლოგიურ წამებაზე პატიმრების 71%-ის თანახმად, ყველა კატეგორიის პატიმარს აწამებდნენ და არა მარტო კრიმინალური ტრადიციების მიმდევრებს.
#მერაბიშვილი
#პოლიტიკა
#მიტინგი
#დარბევა
#ციხისკადრები
#აღიარება
#დანაშაული
#ბრალდება
#სასჯელი
#tbilisidaily
0