მსოფლიო ბანკი საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

0
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო, რათა დაეხმაროს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19 -ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული დაფინანსება მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF). მსოფლიო ბანკი, ასევე, თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანადაფინანსების ხელშეკრულებით დამატებით 100 მლნ. აშშ დოლარის მოსაზიდად. პროექტის მიზანია იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეული საფრთხის პრევენციას, გამოვლენას და მასზე რეაგირებას, ასევე, დაუყოვნებელი სოციალური დახმარების უზრუნველყოფას ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის. მოსალოდნელია, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს მოსახლეობის ფართო სპექტრს, კერძოდ კი მოსახლეობის ინფიცირებულ და რისკის ქვეშ მყოფ იმ ნაწილს, როგორებიც არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, და ასევე, საგანგებო სიტუაციებზე მომუშავე და სამედიცინო პერსონალი. ჯანდაცვის მიმართულებით COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებები მოიცავს დაავადების შემთხვევების გამოვლენას და დადასტურებას, ტესტირების ზრდას, ისევე როგორც შემთხვევების სამართავად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. ამასთან ერთად, პროექტი გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს ღარიბ და მოწყვლად შინამეურნეობებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებით და დროებითი ფულადი ტრანსფერების უზრუნველყოფით იმ პირებისთვის, რომელთაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს. „აღნიშნული პროექტი მსოფლიო ბანკის მხრიდან ქართველი ხალხის ფართო მხარდაჭერის ნაწილია და პირველია განვითარების პოლიტიკის სამი საკრედიტო ღონისძიებიდან, რომლებიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში განხორციელდება. მეორე ღონისძიებას ეკონომიკური მართვის და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის არსებული ღონისძიების დამატებითი დაფინანსების სახე ექნება (რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2020 წლის 26 მარტს დაამტკიცა). მისი მიზანია მთავრობის დახმარება მოულოდნელი ფინანსური დეფიციტის შევსებაში და საქართველოს პროგრესის უზრუნველყოფა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სფეროებში. დახმარების მესამე ეტაპი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების და სამუშაო ადგილების შენარჩუნების პროექტი, რომელიც მიზნად დაისახავს სამუშაო ადგილების მხარდაჭერას და იმ მიკრო, მცირე და საშუალო ფირმების ხელშეწყობას, რომლებზეც პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია. COVID-19 -ის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში საქართველოს დახმარებასთან ერთად, მსოფლიო ბანკი ასევე აპირებს Log-In Georgia პროექტის საშუალებით ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერას, როგორებიცაა ციფრული კავშირი და ინფრასტრუქტურა. ეს პროექტი მთავრობას დაეხმარება ოპტიკურ - ბოჭკოვანი ქსელით 700 -ზე მეტი სოფლის ინტერნეტთან დაკავშირებაში, რაც ხელს შეუწყობს დისტანციურ სწავლასა და ზოგადად კავშირის არსებობას, რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია პანდემიის პირობებში შექმნილი სოციალური დისტანციის პირობებში. დაბოლოს, მსოფლიო ბანკი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობისთვის დროული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და ეკონომიკური მიმართულებით საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გაზიარების საშუალებით, არსებული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბანკი ასევე ასრულებს შესყიდვის აგენტის როლს (კლიენტი ქვეყნების სახელით), რაც გულისხმობს გლობალურ მომწოდებლებთან პირდაპირი ოპერაციების წარმოებას სამედიცინო ტექნიკისა და მარაგების შესაძენად. მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომელიც დაფინანსების და ცოდნის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა, ფართო და სწრაფ რეაგირებას ახდენს განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, დაავადებებზე დაკვირვების გასაზრდელად, ჯანდაცვის ინტერვენციების გასაუმჯობესებლად და კერძო სექტორის ხელშესაწყობად ოპერირებაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში. მსოფლიო ბანკი ფინანსური დახმარების სახით დაახლოებით 160 მლრდ. აშშ დოლარს გამოიყენებს მომდევნო 15 თვის განმავლობაში ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით, ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დასაცავად, კომპანიების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის გასაძლიერებლად. მასში შედის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) 50 მლრდ. აშშ დოლარი, რომელიც გრანტების ან ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების გასაცემად იქნება ათვისებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
#კორონავირუსი
#პანდემია
#დახმარება
#მსოფლიობანკი
#tbilisidaily
0