1921 წლის კონსტიტუციის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი აღნიშავდა:
“კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე. უკვე მაშინ აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა”
მართლაც, ნოე ჟორდანიასა და მისი გუნდის მიერ დამტკიცებული კონსტიტუცია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა, გამოირჩეოდა ინოვაციურობითა და პროგრესულობით. ახლა კი უკეთ გავეცნოთ მის შინაარსს. აღსანიშნავია, რომ 1921 წლის კონსტიტუცია 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე დაიწერა და დღევანდელი საქართველოს კონსტიტუციაც სწორედ მისი სამართალმემკვიდრეა.
ტერიტორიული მოწყობის მხრივ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა წარმოადგენდა დეცენტრალიზებულ უნიტარულ სახელმწიფოს. მის შემადგენლობაში შედიოდა სამი ავტონომიური მმართველობა და ადგლობრივი თვითმმართველობა, ესენია აფხაზეთი (სოხუმის ოლქი), სამუსულმანო საქართველო (ბათუმის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი).
კონსტიტუციაში მმართველობის ფორმად განისაზღვრა რესპუბლიკა, მასში განსაკუთრებულად დიდი ყურადღება ეთმობოდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. აღსანიშნავია, რომ აკრძალული იყო სახელმწიფო წყობის, დემოკრატიის ჩანაცვლება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ დროინდელი საქართველოსათვის დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობას.
დაუშვებელი იყო სახელმწიფო ტერიტორიის გაცემა, დანაწილება ან გაყიდვა, გარკვეული შემთხვევების გარდა. აქვე საინტერესოა კერძო საკუთრების უფლება. 114-ე მუხლით აღიარებულია საკუთრების უფლება, თუმცა სახელმწიფოს შეეძლო ჩამოერთვა პირისთვის საკუთრება და სახელმწიფოს მფლობელობაში გადაეცა, ოღონდ ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო კონკრეტული ანაზღაურება.
ჯერ კიდევ იმ დროს, ჩვენს კონსტიტუციაში გათვალისწინებული იყო ეთნიკური უმცირესობების უფლებები. დაუშვებელი იყო მათი თავისუფალი სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ხელყოფა.
განსაკუთრებით საინტერესოა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა, რომელიც გამიჯნული იყო ერთმანეთისაგან. ქვეყანში არც ერთ რელიგიას ჰქონდა პრივილეგია, ასევე აკრძალული იყო სახელმწიფო ბიუჯეტით რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება.
უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქალთა უფლებები პოლიტიკაში, იმ დროს, ევროპაში ქალებს არ გააჩნდათ არც ხმის და არც კანდიდატად საკუთარი თავის წარდგენის უფლება. 1921 წლის კონსტიტუციაში ქალებს ყველა ის უფლება მიენიჭათ, რომელიც ევროპის დიდ ნაწილში ჯერ კიდევ არ იყო მიღებული.
საქართველოს კონსტიტუცია, მისი ღირებულება და მნიშვნელობა ამოუწურავი თემაა, თუმცა, ეს მცირე და მნიშვნელოვანი ნაწილიც კარგად ასახავს თუ რატომ არის საქართველოსთვის 1918-1921 წლის კონსტიტუცია ამდენად მნიშვნელოვანი. რომ არა საბჭოთა ოკუპაცია, ამ კონსტიტუციის ღირებულებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ნამდვილად დაიმკვიდრებდა თავს საერთაშორისო ასპარეზზე.
#კონსტიტუცია
#დამოუკიდებლობა
#დემოკრატია
#პარლამენტი
#ხელისუფლება
#მეთაური
#პოლიტიკა
#TbilisiDaily