3 votes
comments
shares
Save
რომელი სამსახური მიიღებს ხელფასის გარდა ორმაგ დანამატს
40 reads
Primetime
Tbilisi · 3 months ago

„ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თეონა ჭალიძის განცხადებით, სოციალურ აგენტებს მიმდინარე თვის ხელფასი 80 ლარის ოდენობით ჩაერიცხათ, ხოლო ისინი, ვინც სამედიცინო დაზღვევით სარგებლობენ – 50 ლარი. მისივე ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტო პანდემიის პირობებში არ ზრუნავს თანამშრომლების უსაფრთხოებაზე.

ამავე თემაზე „პრაიმტაიმი“ ერთ-ერთ სოციალურ აგენტზე დაყრდნობით წერდა.

„სოციალურ აგენტებს 80 ლარი ჩაერიცხათ ხელფასი, ხოლო ვისაც დაზღვევაც ჰქონდა მხოლოდ 50 ლარი მიიღეს. დიახ, არ გეჩვენებათ, იმ ადამიანებს, ვინც ახლა წელში უნდა გაწყდეს, რომ ასობით და ათასობით ოჯახის სოციალური მდგომარეობა აღწეროს, რათა მათ მთავრობის სოციალური დახმარება მიიღონ ან საარსებო შემწეობა ჩაერიცხოთ.

თვითონ სოციალური აგენტები დაჩაგრა დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ. ესაა უნამუსობა და დანაშაული. მაშინ როცა არ მოძრაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ლოგიკურია, რომ სოციალური აგენტები თავიანთ საქმიანობას ვერ განახორციელებდნენ. მათ ტრანსპორტირებაზე არ უზრუნია სოციალური მომსახურების სააგენტოს. გიორგი წოწკოლაურს ასევე არ უზრუნია სოციალური აგენტების უსაფრთხოებაზე და მათ სათანადო აღჭურვაზე ვირუსისგან თავის დასაცავად.“ – აცხადებს თეონა ჭალიძე.

სოციალურ აგენტების ხელფასი 100 ლარს შეადგენს, ხოლო ხელზე ისინი 80 ლარს იღებენ ბონუსის გარეშე. „პრაიმტაიმი“ამ თემაზე სასაუბროდ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული მძიმე მდგომარეობის გამო, სოციალურ აგენტებს დანამატი ხელფასის ორმაგი ოდენობით ჩაერიცხებათ.

„სოციალური აგენტები დასაქმებულები არიან ხელშეკრულებით, მათი შრომის ანაზღაურების პირობები სრულიად დაცულია და შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. სოციალური აგენტის შრომის ანაზღაურება, გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შედგება 100 (ასი) ლარისა და თვის განმავლობაში მის მიერ შესრულებული სამუშაო ერთეულის ღირებულებისაგან.

2020 წლის 23 მარტის 184 დადგენილებით საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეაჩერა ოჯახების სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებება, გარდა იმ შემთხვევებისა,როდესაც ოჯახი თვითონ მიმართავს სააგენტოს პირველადი ან განმეორებითი გადამოწმების მიზნით. შესაბამისად, აპრილის თვეში მომართვები შემცირდა და სოციალური აგენტების სამუშაო დატვირთვა მნიშვნელოვნად შეიკვეცა. იმისათვის, რომ სოციალური აგენტები არ დარჩენილიყვნენ დამატებითი შემოსავლის გარეშე, სოციალური მომსახურების სააგენტომ სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება სოციალური აგენტებისთვის აპრილის თვეში, გარდა კუთვნილი ანაზღაურებისა, დანამატის სახით მიეცათ ხელფასის ორმაგი ოდენობა.

სოციალური მომსახურების სააგენტო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ყველა შესაბამის ზომას მიიღებს, რათა შეასრულოს მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, ხარისხიანად მიაწოდოს მომსახურება საქართველოს მოსახლეობას, ასევე დაიცვას საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და უზრუნველყოს ისინი არსებული რესურსების გათვალისწინებით.“ – განმარტავენ უწყებაში.


რომელი სამსახური მიიღებს ხელფასის გარდა ორმაგ დანამატს - Primetime
primetime.ge
Primetime
Tbilisi · 3 months ago
3
Write a comment