მიხეილ სააკაშვილის უკრაინული კარიერის ქრონოლოგია

0
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც საქართველოს პროკურატურა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს, დღეს პოლიტიკური რეაბილიტაციის შანს კვლავაც უკრაინა აძლევს, კვლავაც ქვეყნის პირველი პირი, ამჯერად ახალი - ვოლოდიმირ ზელენსკი. მოახერხებს თუ არა სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში ფენიქსივით ფერფლისგან აღდგენასა და ძალაუფლების დაბრუნებას, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა მის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო და არც სააკაშვილია უკრაინისთვის ახალი ხილი - მას ამ ქვეყანასთან არაერთი ეპატაჟი და ავანტიურა აკავშირებს. ჯერ კიდევ 2015 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. მას დაევალა უკრაინაში რეფორმების საკითხებში საერთაშორისო გუნდის შექმნა. მრჩეველთა საბჭოს ძირითადი ფუნქცია უკრაინის პრეზიდენტისათვის სხვადასხვა მიმართულებით რეკომენდაციებისა და რჩევების მომზადებაა. , , ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაამყარებს ორმხრივ კომუნიკაციას უკრაინასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, რეფორმების თვალსაზრისით და ის მოიზიდავს მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას ამ რეფორმებისათვის“, — დაწერა მაშინ პეტრო პოროშენკომ twitter-ის საკუთარ გვერდზე. მალევე სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიც დაიკავა. თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე კი პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, რაც სააკაშვილის მხრიდან საქართველოს მოქალაქეობაზე ავტომატურად უარის თქმას ნიშნავდა. , , მე მიყვარს ოდესა!”- წერს ამის შემდგომ სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტი და მარკ ბერნესის სიმღერას „Шаланды полные кефали“ აზიარებს, პოროშენკო კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი სტუდენტობის მეგობარია, რომელსაც შეუძლია , , შეუძლებლიდან შესაძლებელი” შექმნას. თუმცა უკრაინის პრეზიდენტისა და ოდესის გუბერნატორის სტუდენტობისდროინდელი მეგობრობა პოლიტიკურმა ურთიერთობებმა მალე შეიწირა. სააკაშვილმა პოროშენკო კორუფციული და კრიმინალური კლანების მხარდაჭერაში დაადანაშაულა, გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა, ბრძოლის ახალი ეტაპი დააანონსა და მთავრობიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა - დააფუძნა საკუთარი პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“. გადადგომოან 8 თვეში პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა იმ მიზეზით, რომ მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის დროს მან სახელმწიფო ორგანოებს წარსულში ნასამართლეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა აშშ-ში გაიგო და მომხდარი მის ოპოზიციურ საქმიანობას დაუკავშირა. იგი, ასევე, ირწმუნებოდა, რომ მისივე ექსტრადირებაზე პეტრო პოროშენკო 1 კვირით ადრე საქართველოში ვიზიტის დროს ბიძინა ივანიშვილს გაურიგდა. 2017 წლის 10 სექტემბერს სააკაშვილი უკრაინაში მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთის მხრიდან შეიჭრა. მას თან ახლდნენ სხვა ოპოზიციონერი ლიდერები, მათ შორის იულია ტიმოშენკო. სააკაშვილი კიევში გადავიდა და ოპოზიციური საქმიანობა განაგრძო, პარალელურად, სასამართლოს გზით ცდილობდა ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენას, ქვეყნის მთავრობამ კი მის წინააღმდეგ საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღძრა. სააკაშვილმა აქციები დაიწყო, გაშალა კარვები, ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს კი უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტიც მოითხოვა. მალევე იგი რეადმისიის ფარგლებში უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს. ამგვარად, მიხეილ სააკაშვილი აპატრიდი ანუ მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა. მას მეუღლის სამშობლომ, ნიდერლანდებმა ცხოვრების და მუშაობის უფლების დამადასტურებელი ცნობა მისცა, თუმცაღა მიხეილ სააკაშვილის უკრაინული ვოიაჟი ამით არ დასრულებულა. 2019 წელს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას ქვეყნის მოქალაქეობა დაუბრუნა. , , მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის. დიდება უკრაინას”, – წერს ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში და კიევში მიემართება, სადაც პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, სააკაშვილი რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს. თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავების შეთავაზების მიღება. იგი შეხვდა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებს, თუმცა, როგორც უკრაინული მედია იუწყება, მან ფრაქციის წევრთა უმრავლესობა მხარდაჭერაში ვერ დაარწმუნა. საგულისხმოა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს მკვეთრად ნეგატიური რეაქციით შეხვდა. პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, თუ სააკაშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნება, გამორიცხული არაა უკრაინაში საქართველოს ელჩი მინიმუმ კონსულტაციებისთვის გამოიწვიონ. პრემიერის თქმით, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ქვეყნის ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
#სააკაშვილი
#უკრაინა
#ზელენსკი
#პოროშენკო
#tbilisidaily
0