მისტიკით მოცული გოთიკური შენობა

0
ძველი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, კერძოდ ინგოროყვას 6 ნომერში, მდებარეობს გოთიკური არქიტექტურული სტილით შესრულებული სახლი, რომლის გარშემოც უამრავი ლეგენდა, თქმულება თუ მითი არსებობს. ლეგენდის თანახმად, სახლი სატანისტ, სომეხ ვაჭარს ეკუთვნოდა, რომელსაც კიდევ 10 სახლი ჰქონდა მფლობელობაში, რომელთა განლაგებაც სატანის სიმბოლოს, პენტაგრამას ქმნის. მისმა ქალიშვილმა (ან ცოლმა) სხვენში თავი ჩამოიხრჩო, რის შემდეგაც, თუ საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს დავუჯერებთ, იმის მიუხედავად, რომ სახლი ცარიელია, ხშირად ისმის ნივთების გადაადგილების ხმა და ჩხუბი. რეალურად, შენობა, 1887 წელს, პოლონელმა არქიტექტორმა შინკევიჩმა ააშენა. სახლის შესახებ ინფორმაციას ვაწყდებით სხვადასხვა წყაროებსა და წიგნებში, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. არქიტექტურა ბევრისათვის შემზარავი აღმოჩნდა, თუმცა მის შემზარაობას, ჩემი აზრით, უფრო მითები ქმნიან. ეს არის გოთიკური სტილი, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ევროპაში. სახლის შესასვლელთან გამოსახულ რქიან არსებაზე ამბობენ, რომ ეს დემონია, თუმცა რეალურად, ეს არის მითიური პერსონაჟი პანი, რომელიც არა ბოროტების, არამედ სიკეთის მომტანია. ეს არის მწყემსების, ნაყოფიერების მფარველი ღვთაება. ფლობს წინასწარმეტყველების უნარს. ასევე, ცისკრის სხივების ღვთაებად მიიჩნევა. ყველაზე საინტერესო ნაწილი, როგორც მედიის, ასე საზოგადოებისათვის, არის ინტერიერი. ამბობენ, რომ შიგნით ლუციფერის უდიდესი ქანდაკება დგას, რომლის თავიც სხვენში, ხოლო ფეხები სარდაფში მდებარეობს. ლეგენდის თანახმად, აქ სპირიტუალურ რიტუალებს ატარებდნენ. ასევე ამბობენ, რომ ბერია თავისი ვიზიტის დროს, სწორედ ამ სარდაფს იყენებდა გადასაადგილებლად. ხალხს ძალიან უყვარს და იზიდავს მისტიკა, სწორედ ამიტომ გახდა ინგოროყვას 6-ნომერში არსებული შენობა ამდენი ისტორიის პირველწყარო. რეალურად მის შესახებ არცერთი მითი დასტურდება, ხოლო გარე ფასადზე არსებული "დემონები" სინამდვილეში ბერძნული მითოლოგიის დადებითი, თუმცა შესახედავად ცოტა შემზარავი პერსონაჟები არიან. ცენტრალურ ოთახში კი თეთრი ბუხრის თავზე ანგელოზის გამოსახულებებია განთავსებული.
#არქიტექტურა
#მისტიკა
#დემონი
#რიტუალი
#მითი
#რეალობა
#TbilisiDaily
0