20 ივნისს ბათუმში "ევროპულ მარშს" საზოგადოებრივი ორგანიზაციები უერთდებიან

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

20 ივნისს ბათუმში დაგეგმილ "ევროპულ მარშში" მოქალაქეებთან ერთად საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ დღეს, 18 ივნისს ქალაქის ცენტრალურ პარკთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. აქციას უერთდებიან: "დემოკრატიის ინსტიტუტი", "ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი" - (NIMD), "საზოგადოება ბათომი", "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი" და სხვა ადგილობრივი ორგანიზაციები. "გაჩერება აღარ შეიძლება. მე არ მაინტერესებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან კონკრეტული პირის ინტერესი, არც რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინტერესი, აქ ქვეყნის ინტერესზეა ლაპარაკი, სადაც ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ. გვინდა რუსეთს დავემსგავსოთ?!" -  ამბობს ორგანიზაცია "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ხელმძღვანელი, ასლან ჭანიძე. "ევროპული მარში" ბათუმში 20 ივნისს არის დაგეგმილი. მისი ორგანიზატორი აქტივისტი ციალა ქათამიძეა. ის ამბობს, რომ აქცია მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან ევროპის მოედნისკენ. "შევიკრიბებით ბათუმშიც მოქალაქეები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოსვე ევროპული პერსპექტივა. გვინდა კიდევ ერთხელ დავანახოთ ხელისუფლებას და ევროპის საბჭოს, რომ ჩვენთვის ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვანია", - ამბობს ის. 20 ივნისს ე.წ. გავრილოვის ღამის სამი წლის თავზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით აქცია იმართება. შეკრების მიზანია მოქალაქეებმა გამოხატონ ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა. აქცია წინ უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სატატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. https://www.radiotavisupleba.ge/a/31904017.html

Source: radiotavisupleba.ge