NDI-ის კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა გამოკითხულთა 76%, ხოლო ნატოში-69%

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, ევროპული და ევროატლანტიკური კავშირების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. კერძოდ, გამოკითხულთა 76%-თვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი. ნატოში გაწევრიანებას კი გამოკითხულთა 69% უჭერს მხარს. ამასთან, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია გამოკითხულთა 8%-თვის, ხოლო ნატოში გაწევრიანება 11%-თვის. კითხვაზე, როგორ შეცვალა პანდემიამ ევროკავშირის მიმართ თქვენი დამოკიდებულება, გამოკითხული მოსახლეობის 61% ამბობს, რომ პანდემიას მათ დამოკიდებულებაზე საერთოდ არ მოუხდენია გავლენა, 19%-ის მოსაზრება დადებითისკენ შეიცვალა, ხოლო 9%-ის უარყოფითისკენ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის დროს შეკითხვა დაისვა ასევე იმის შესახებ, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან ინტეგრაციით? NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს და მხოლოდ 11% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30752950.html #ახალი_ამბები #twitter