ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ თანამომხსენებლები განცხადებას ავრცელებენ

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139234 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ თანამომხსენებლები ტიტუს კორლატინი და კლოდ კერნი განცხადებას ავრცელებენ. ისინი კიდევ ერთხელ მიესალმებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დადებულ შეთანხმებას. "კვლავ, საქართველოს პოლიტიკურ გარემოში ახალი ენერგიის შესაქმნელად შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, რომელიც კარგად აისახება ამ რეფორმების განხორციელებაზე და რომელსაც შეუძლია საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას ახალი სტიმული მისცეს. როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ყველა ჩართულ მხარეს ყველა საშუალებით, რომლითაც შეგვიძლია. როგორც გასულ კვირას განვაცხადეთ, ეს შეთანხმება მუდმივი დაძაბულობისა და პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციის შემცირებას დაეხმარება, რაც საქართველოში დემოკრატიულ პროცესზე ახდენდა გავლენას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს, შეინარჩუნეთ ეს მომენტი და გამოხატეთ ერთნაირი პოლიტიკური ნება და მომწიფებულობა, რათა იპოვოთ შეთანხმება სხვა საკითხებზეც, რომელიც მათ ყოფს. თანამომხსენებლები მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის მიღებას და გამოხატავენ იმედს, რომ ეს რეფორმა დაუყონებლივ და თანმიმდევრულად განხორციელდება. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებისას, გზების მოძებნა გააგრძელონ. თანამომხსენებლები ასევე მიესალმებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ უმრავლესობამ ამ საპარლამენტო სესიის ფარგლებში დამატებით აღარ დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. თანამომხსენებლები დაჟინებით მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეები მხოლოდ მას შემდეგ წარადგინონ, რაც მოქმედი კანონმდებლობა დანიშვნებთან დაკავშირებით შეიცვლება იმგვარად, რომ გაითვალისწინოს ხარვეზები, რომლებიც ბოლო დანიშვნების ციკლში გამოვლინდა. ისინი ასევე დაჟინებით მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ვენეციის კომისიის დანარჩენი რეკომენდაციებიც გაითვალისწინოს, კერძოდ ფარული კენჭისყრის გაუქმება და დასაბუთებული გადაწყვეტილებების შემოტანა და შერჩევის კრიტერიუმების უნიფიცირება და გამჭვირვალობა, რათა უზრუნველყოს ჭეშმარიტად დამსახურებებზე დაყრდნობილი დანიშვნის პროცესი. მიღწეული პროგრესის დადებითად შეფასების ფონზე, თანამომხსენებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, კიდევ უფრო შეამცირონ წინასწარი პატიმრობის გამოყენება, რომელიც ჯერ კიდევ ხშირია, ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და ხელი შეუწყო ბრალდებებს, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული მიზნებისთვის ინსტრუმენტად გამოიყენება. თანამომხსენებლები მიესალმებიან ხელისუფლების პირობას, რომ მმართველი უმრავლესობა შექმნის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალ კანონმდებლობას, რადგან მოქმედი კოდექსი საბჭოთა ეპოქისაა, ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და საქართველოს კონსტიტუციურ ნორმებს და მოწყვლადია ბოროტად გამოყენებისთვის,"- წერია განცხადებაში.