ირაკლი ბებუა ოკუპირებული აფხაზეთის დროშის დაწვის გამო დააკავეს?
Tbilisi Daily
გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ირაკლი ბებუას თქმით, ქართველებისა და აფხაზების დაყოფის თარიღი არ უნდა აღინიშნებოდეს.
ბებუა აცხადებს, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა.
გავრცელებულ ვიდეოში ირაკლი ბებუა ამბობს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა შეგნებულად დაწვა და არავის წინააღმდეგ იყო მიმართული.
„არაფერი მაქვს საწინააღმდეგო აფხაზების მიმართ, ჩვენ ძმები ვართ და ადრინდელივით კარგად უნდა ვიყოთ. ბოდიშს ვუხდი ყველას ვინც განაწყენებულია“, - ამბობს ბებუა.
ამასთან, ქართველი ბლოგერის გიორგი ჯახაიას განცხადებით, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლოებას აიძულებს აფხაზეთის „გამარჯვების დღე“ აღნიშნოს.
„ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ქართველ ბავშვებსაც კი აიძულებენ წაიკითხონ ლექსები, სადაც ქართველებს ფაშისტებს, ბანდიტებს და კრიმინალებს უწოდებენ“, - წერს ბლოგერი.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ბებუა გალიდან სოხუმში გადაიყვანეს.
ნიკა ბებუას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. განცხადებაში სუს-ი ირაკლი ბებუას უკანონოდ დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი.
„უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა; ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არსებული მონაცემებით, უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება ქ. გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამინების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.