წონა და წარმოშობა: როგორ ებრძვის აქტივისტს აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაცია და მთავრობა?
Batumi Daily
მოქალაქე ალექსანდრე მილორავას შიმშილი და პროტესტი მთავრობისა და მთავრობის კვოტით არჩეული ბორდის წევრების მხრიდან სხვადასხვანაირად შეფასდა. მის მოთხოვნას, აჭარის ტელევიზიის დირექტორს იმპიჩმენტი გამოუცხადონ, თამილა დოლიძემ (ბორდის წევრმა) "პიარი" და ერთკაციანი აქცია უწოდა, ხოლო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "ალბათ წონაში მოიმატა და უნდა დაკლება". მეორე მიზეზად რიჟვაძემ პოლიტიკური შოუც დაასახელა.
აჭარის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის მქონე პირისგან და "ქართული ოცნების" სახისგან ასეთი რიტორიკა რომ ეთიკურად პრობლემატურია, არასამთავრობო ორგანიზაციები ლაპარაკობენ.
"მთავრობის თავმჯდომარეს აქვს პირდაპირი მოვალეობა დაიცვას რეგიონში მცხოვრები ყველა მოქალაქის უფლება და თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა არ უნდა გააკეთოს შეურაცხმყოფელი და არაეთიკური განცხადებები, მიუხედავად განცხადების ადრესატის შეხედულებების განსხვავებულობისა. გვსურს აღვნიშნოთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, ალექსანდრე მილორავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება, რადგან სწორედ მათ მიერ არასწორად, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა უკიდურესად მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა ტელევიზია, სადაც ადამიანებს დევნიან განსხვავებული აზრის გამო, ათავისუფლებენ სამსახურიდან, აქვეითებენ და აიძულებენ თავად დაწერონ სამსახურიდან წასვლის განცხადება. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც ის, რომ ტელევიზიის მენეჯმენტის წინააღმდეგ უკვე 9 თანამშრომელმა დაიწყო სასამართლო დავა და მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება" - ეს ნაწყვეტია განცხადებიდან, რომელსაც 9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. არასამთავრობო ორგანიზაციები რიჟვაძეს მოუწოდებენ, პატივი სცეს ადამიანის ღირსებასა და უფლებებს.
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან განსხვავებით, აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციამ პროტესტის გაშავების განსხვავებული ფორმა აირჩია. აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ემზარ პაქსაძე აცხადებს, რომ მილორავას პროტესტი პოლიტიკურად ანგაჟირებულია და რომ წლების წინ, ის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო "ევროპული საქართველოსგან" ბათუმის ერთ-ერთ უბანში. მართალია, პაკსაძემ წონაზე აპელირებას თავი აარიდა, თუმცა "გაშავების" ერთ-ერთი ტრადიციული ფორმა მაინც არჩია და თქვა, რომ "როცა ჩამოსულებს ეძახდნენ ჩვენს ჩამოსულებს, თვითონ ალექსანდრე მილორავა თბილისში არის რეგისტრირებული". აღსანიშნავია, რომ მილორავას არავისთვის უთქვამს, ვინ იყო "ჩამოსული" და ვინ არა. საუბარია აქციაზე მისულ ერთ-ერთ სხვა აქტივისტზე, რომელმაც კარავთან კონფლიქტის მოსაწყობად მისულ ჯგუფს "ოცნების" დაკვეთის შესრულებაში და თბილისის ტროლების ფაბრიკიდან ჩამოსვლაში დასდო ბრალი. პაქსაძემ ეს ბრალდება კონტექსტის გარეშე გამოიყენა და მილორავას დააბრალა იმის მიუხედავად, რომ მილორავას მსგავსი განცხადება არც გაუკეთებია და არც დათანხმებულა სხვის განცხადებებს.
აჭარის ტელევიზიასთან მიმდინარე შიმშილობის გაშავებას მთავრობასთან ასოცირებული ჯგუფები ყველანაირად ცდილობენ. რიჟვაძე აქტივისტის წონაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო პაქსაძე - წარმოშობაზე. საინტერესოა, რომ არც წონა და არც წარმოშობა კავშირში არაა პროტესტის მოთხოვნასთან, უნდობლობა გამოუცხადონ დირექტორს, რომლის წინააღმდეგ სასამართლოში უკვე 9 საქმეა განსახილველი.
რიჟვაძე მთავრობა პროტესტი აჭარის_ტელევიზია აჭარა
batumidaily
ფოტო: რადიო თავისუფლება