აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრამდე, ლავროვი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

Interworld

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის მოსკოვში ვიზიტის პარალელურად (შეხვედრამდე), ოთხშაბათს, 26 აგვისტოს, რუსეთისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრისას სერგეი ლავროვმა და ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული ვითარება და ივლისში მომხდარი სასაზღვრო დაპირისპირება განიხილეს. სომეხმა მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების დღისწესრიგთან დაკავშირებითაც. როგორც ცნობილია, ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეები (აშშ, რუსეთი, საფრანგეთი) შემოდგომაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ორგანიზებას გეგმავენ. საზღვრების გახსნისთანავე ასევე იგეგმება თანათავმჯდომარეთა ცალკეული ვიზიტები ერევანსა და ბაქოში. საინტერესოა, რომ ბაირამოვსა და ლავროვს შორის მოსკოვში შემდგარი ვიზიტისას, ამ უკანასკნელმა ხაზგასმით აღნიშნა ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ ფარგლებში ამჟამად არსებული მოლაპარაკებებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი „ბაზის არსებობა“. შესაბამისად, რუსი მინისტრის მოსაზრებით სამწუხაროა (და მიუღებელია თანათავმჯდომარეებისთვის) იმის მცდელობები, რომ მხარეებს გარკვეულწილად არსებული შემადგენლობის შეცვლის მცდელობები აქვთ. აღნიშნული განცხადებით, ლავროვმა გზავნილი გააკეთა როგორც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ, რომელსაც მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის ე.წ. წარმომადგენლების ჩართვა სურთ, ასევე ოფიციალური ბაქოს მიმართ, რომელსაც დიალოგში თურქული მხარის ჩართვა უნდა. ბოლო პერიოდში (განსაკუთრებით სასაზღვრო დაპირისპირების შემდეგ), აზერბაიჯანის ხელისუფლება ღიად გამოთქვამს უკმაყოფილებას მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო. აწ უკვე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამადიაროვის გადადგომაც გარკვეულწილად შესაძლოა აზერბაიჯანის მხრიდან სიგნალი ყოფილიყო, რომ სურთ არსებული ფორმატის ცვლილება და „ყველაფრის ნულიდან დაწყება“. აქვე საინტერესოა მთიანი ყარაბაღის რეგიონის ე.წ. ხელისუფლების 26 აგვისტოს განცხადება, რომლის მიხედვით, ისინი რუსეთთან ურთიერთობების დამოუკიდებლად (სომხეთის რესპუბლიკის გარეშე) განვითარებას გეგმავენ. ზოგადად მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის არაიკ არუთინიანისა და „უშიშროების საბჭოს მდივნის“ სამველ ბაბაიანის სიმპათიები რუსეთის მიმართ ცნობილია. ზემოხსენებული მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები. შესაბამისად საზოგადოებრივ ტელევიზიაში რუსულენოვანი სამაუწყებლო პროგრამებისთვის დათმობილი საათების რაოდენობა გაიზრდება. აგრეთვე, სკოლებსა და უნივერსიტეტებში რუსული ენის სწავლის საათების რაოდენობაც გაიზრდება. დამატებით კი, საინფორმაციო-საცნობარო დაფებზე დასახელების რუსულენოვანი თარგმანები დაემატება. დამატებით აღსანიშნავია, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საზღვარგარეთ მცხოვრები ეთნიკური სომხების რეპატრიაციის პროცესი მიმდინარეობს. სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის საკითხთა მთავარი კომისრის ზარე სინანიანის განცხადებით ლიბანელი სომხების 2 ოჯახი მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა რეგიონის ქალაქ შუშაში. მანამდე, მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ მზად არიან მიიღონ ლიბანელი სომხების 100-150 ოჯახი, რომელთა დასახლება სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მოხდება. გარდა ამისა, მათთვის გამოიყოფა შესაბამისი სამუშაო და სოციალური გარანტიები. ამ თემასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა, სადაც დაგმო სომხური მხარის უკანონო საქმიანობა და „დასახლების პოლიტიკა“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #Russia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #region #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #ახალიამბები #პოლიტიკა