აშშ რუსეთს ლიბიაში დიდი ოდენობით იარაღის გადატანაში ადანაშაულებს
Interworld
აშშ-ის სამხედრო ძალები რუსეთის ფედერაციას ლიბიაში შეტევითი შეიარაღებისა და მებრძოლების გადასროლაში ადანაშაულებს, რომელიც ამ ჩრდილო-აფრიკულ სახელმწიფოში უპირატესობის მოსაპოვებლად სჭირდება.
შეერთებული შტატების აფრიკის სარდლობის (AFRICOM) 24 ივლისის მორიგი განცხადებით, კრემლის ქმედებები ლიბიის დაპირისპირებული მხარეების პოტენციურად სისხლისმღვრელ ომში ჩართვას გულისხმობს, რომლის ეპიცენტრი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ სირთე იქნება.
პენტაგონმა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც აღწერილია, რომ რუსეთი აგრძელებს კერძო კომპანია „ვაგნერისთვის“ მარაგებისა და აღჭურვილობის მიწოდებას, რომელთა შორისაა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოწყობილობები, სატვირთო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები და გამანადგურებელი თვითმფრინავები.
„აღჭურვილობის ტიპი და მოცულობა ცხადყოფს, რომ ქმედებები შეტევითი საბრძოლო მოქმედებების უზრუნველსაყოფადაა მიმართული და არა ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ამ პროცესს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უჭერს მხარს“, - განაცხადა AFRICOM-ის დაზვერვის დირექტორის მოადგილემ, გენერალმა გრეგორი ჰედფილდმა.
მანამდე, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური მოსკოვი ლიბიაში საბრძოლო თვითმფრინავების განლაგებაში და კერძო კომპანია „ვაგნერი“, დედაქალაქ ტრიპოლის შემოგარენის დანაღმვაში დაადანაშაულა.
ზოგადად რუსეთის ფედერაცია „ვაგნერის“ დაქირავებულებს ლიბიაში ე.წ. proxy-ძალად იყენებს, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე ყოფნის შესაძლებლობა ჰქონდეს“, - ნათქვამია AFRICOM-ის განცხადებაში.
კრემლი „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების გამოყენებით, აქტიურად უჭერს მხარს ოპოზიციურ „ლიბიის ეროვნულ არმიას“ (LNA) და გენერალ ხალიფა ჰაფთარს გაეროს მიერ აღიარებული ტრიპოლის „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ (GNA) წინააღმდეგ. LNA-ს ასევე აქტიურ მხარდაჭერას უწევენ საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე.
საპასუხოდ, თურქეთი GNA-ს სამხედრო დახმარებას უზრუნველყოფს და ლიბიაში ჯარები, უპილოტო საფრენი აპარატები და სირიელი დაქირავებული მებრძოლები გადაისროლა. მოცემულ სიტუაციაში „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ პოზიციას კატარი და იტალიაც იცავენ.
ლიბიის კონფლიქტში თურქეთის ჩართვა, საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა შეცვალა და მანამდე თავდაცვით პოზიციაში მყოფი GNA კონტრშეტევაზე გადავიდა LNA-ს წინააღმდეგ.
არსებული მძიმე სიტუაციის საპასუხოდ, გასულ კვირას ეგვიპტის პარლამენტმა ლიბიაში ეგვიპტური არმიის პირდაპირ ინტერვენციას მხარი დაუჭირა, იმ შემთხვევაში, თუ „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ (თურქული დახმარებით) ქალაქ სირთეზე შეტევას განახორციელებს.
სირთესთვის ბრძოლა შესაძლოა ერთმანეთის პირისპირ დააყენოს ერთის მხრივ ნატოს ფარგლებში, აშშ-ის მოკავშირე თურქეთი და მეორეს მხრივ იმავე შეერთებული შტატების პარტნიორი ეგვიპტე, რაც რეგიონში დაძაბულობის განსაკუთრებულ ზრდას შეუწყობს ხელს.
მოცემულ ეტაპზე ოფიციალური ვაშინგტონი მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს.
ზოგადად ლიბიის სამოქალაქო ომი 2011 წლიდან (ე.წ. არაბული გაზაფხული) დაიწყო.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Libya #USA #Russia #mercenaries #Wagner #Sirte #war #conflict #Turkey #Egypt #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა