,,როგორც კი ქალაქის დაბომბვას იწყებდნენ სარდაფში ჩავრბოდით..."

Sokhumi Daily

მე ეკა ვარ ღონღაძე სოხუმიდან. კომკავშირის ქუჩაზე ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. მეექვსე საშუალო სკოლაში დავდიოდი, სადაც ბავშვობის ულამაზესი წლები გავატარე. ჩემი ბავშვობა ძალიან ფერადი იყო ისეთი უკეთესსაც, რომ ვერ ინატრებ. საუკეთესო კლასელები მყავდა და მასწავლებლები. ყველაზე კარგ პერიოდად ბავშვობა და სტუდენტობის წლები მახსენდება. ჩემი სტუდენტობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში გავატარე, ვსწავლობდი ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1991 წლის 14 აგვისტოს შევქმენი ოჯახი. 22 წლის უბედნიერი გოგონა ვიყავი. ზუსტად 1 წლის თავზე კი აფხაზეთის ომი დაიწყო. ერთ დღეში თითქოს ყველამ ფერი ვიცვალეთ და გავიღვიძეთ ნაცრისფერ რეალობაში. აღარ იყო სოხუმი ფერადი და თბილი. არ დამავიწყდება ხალხის შეშინებული, დაძაბული სახეები და გაყინული თვალები. ყოველი კუთხიდან გაიძახოდნენ - „ომი დაიწყო". მე მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ არც ერთი წამით არ მიფიქრია საკუთარი სახლი დამეტოვებინა. ჩემი ძმა, მეუღლე და მისი ძმა ომში იბრძოდნენ. ჩვენი ყოველი წამი კი საშინელების მოლოდინში გადიოდა. როგორც კი ქალაქის დაბომბვას იწყებდნენ სარდაფში ჩავრბოდით. ნერვიულ ნიადაგზე წამში ვითიშებოდი და მეძინებოდა. მერე ისე შევეჩვიეთ ამ სიტუაციას, ქვევითაც აღარ ჩავდიოდით და ერთად ვისხედით ყველა, გულგახეთქილები. ეს ყველაფერი არც სათქმელად არის მარტივი და წარმოსადგენად მითუმეტეს. ჩემ თვალწინ ბიჭები იღუპებოდნენ. მხოლოდ ჩემი მეუღლის, ძმის კლასიდან 12 ბიჭი დაიღუპა. მათ „ღიმილის ბიჭებს ეძახდნენ“, ისინი გმირები იყვნენ. მარტის თვეში ყველაზე დიდი შეჯახება იყო. სოხუმელებმა უკან დააბრუნეს მტერი, მაგრამ ქალაქში გლოვის დღე დადგა. თითქმის ყოველ მეორე ოჯახში მიცვალებული იყო. არასდროს დამავიწყდება შვილ მკვდარი დედების გლოვა! საბედნიეროდ ჩემი ოჯახის წევრები გადარჩნენ. სიზმარი ვნახე: გრძელი თმა მქონდა, მაგრამ საშინლად მცვიოდა და ისევ მეზრდებოდა. მოხუცმა მითხრა: „შვილო ბევრი გეღუპება, მაგრამ შენები ცოცხლები დაგიბრუნდებიანო“. ის დღე იყო,როცა ყველა დაბრუნდა სახლში. მე სვანეთის ჯოჯოხეთი არ გამომივლია,მაგრამ მესმის იმ ხალხის ვინც ის გზა სიმწრით გაიარა. ფეხმძიმე, თვითმფრინავით გადმომაფრინეს. მე, ჩემი რძალი, ჩემი ძმის შვილი 1 წლის და დაჭრილი დედა,რომელიც ყველას გარდაცვლილი ეგონა. საშინელი შეგრძნებები იყო, თვითმფრინავიდან ვუყურებდით საყვარელ ხალხს, რომლებიც ქარცეცხლში ტრიალებდნენ და არ ვიცოდით გადარჩებოდნენ თუ არა ცოცხლები. დღემდე მიმძაფრდება ტკივილი აფხაზეთის დაკარგვის გამო. მენატრება ჩემი უბანი, მენატრება ის ურთიერთობა რაც სოხუმში იყო. _______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა