ვოლგოგრადის ხელისუფლებას ქალაქისთვის სტალინგრადის სახელის დაბრუნებაზე რეფერენდუმის ჩატარება სურს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ვოლგოგრადის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა გამოაცხადა საბჭოს შექმნა, რომელიც გაარკვევს მოსახლეობის აზრს ქალაქ ვოლგოგრადის ძველი სახელწოდების, სტალინგრადის დაბრუნების შესახებ. ეს მოსაზრება გუბერნატორმა სტალინგრადის ბრძოლაში საბჭოთა არმიის კონტრშეტევის დაწყების 80-ე წლისთავთან დაკავშირებულ ომის ვეტერანთა პლენუმზე გააჟღერა.
"მიმაჩნია, რომ დასახლების გადარქმევა უნდა მოხდეს მხოლოდ მოსახლეობის აზრის საფუძველზე. სხვა ნაბიჯები აბსოლუტურად არასწორია. ჩვენი საზოგადოებრივი საბჭო ჩაატარებს წინასწარ სამუშაოს საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად და ამ სამუშაოს დასრულების შედეგად, ჩვენ მოსახლეობის წინაშე ჩვენი წინადადებებით წარვდგებით", - განაცხადა გუბერნატორმა ბოჩაროვმა.
მისივე თქმით, საბჭოში შედიან ვეტერანთა საზოგადოების, "წამყვანი სოციალურ-პოლიტიკური ძალების" და ვოლგოგრადის რეგიონის სხვა ასოციაციების წარმომადგენლები. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ და რა ვადებში მოხდება ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლა. მანამდე კი, ვოლგოგრადთან საბჭოთა წითელი არმიის კონტრშეტევის დაწყების დღესასწაულის დღეს, ქალაქის შესასვლელთან არსებული წარწერა „ვოლგოგრადი“ ერთი დღით "სტალინგრადით" შეიცვალა.
ქალაქ სტალინგრადს ვოლგოგრადი 1961 წლის ნოემბერში ეწოდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32142662.html
Source: radiotavisupleba.ge