ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებში სკოლის როლი- ინტერვიუ მარიამ გვიდიანთან

Marneuli Daily

ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებში სკოლის როლი ინტერვიუ ქვემო ქართლში სახალხო დამცველის გენდერის რეგიონულ წარმომადგენელთან მარიამ გვიდიანთან. - კანონის მიხედვით, რა ევალება სკოლის დირექტორს და მასწავლებელს, თუ იცის სკოლის მოსწავლის დანიშვნის და ამ მიზნით განათლების შეწყვეტის და ასევე ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ? - საქართველოს მთავრობის დადგენილება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებას, როგორც ერთ-ერთ პასუხისმგებელ უწყებას, ავალდებულებს, ბავშვის მიმართ ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართოს შესაბამის უწყებებს და შეატყობინოს შესაძლო ძალადობის ფაქტის შესახებ. რეფერირების პროცედურა პასუხისმგებელ უწყებებს ავალდებულებს, იმუშაონ კოორდინირებულად და შეთანხმებულად, რა დროსაც წამყვანი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ამის საფუძველს ასევე იძლევა შესაძლო ნიშნობის შემთხვევები, რა დროსაც სკოლა ვალდებულია, შეატყობინოს უწყებებს ნიშნობის და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევის შესახებ, რადგან მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს არასრულწლოვნის მიმართ რაიმე სახის ძალადობა და მათ არ შეწყვიტონ განათლების მიღება. - სკოლები რამდენად ასრულებენ მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ამ კუთხით? - სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მიერ საქმეების შესწავლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სკოლები, ხშირ შემთხვევაში, არ ასრულებენ ამ ვალდებულებას. უფრო მეტიც: ჩვენი მონიტორინგის შედეგად, რიგ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ სკოლა მალავდა მსგავს ფაქტებს და სათანადოდ არ აღრიცხავდა სკოლაში გოგონების გამოუცხადებლობის ფაქტს, რაზედაც სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეტარებინა შესაბამისი ზომები და უწყებებთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით მოეხდინა არასრულწლოვნების საგანანმანათლებლო პროცესში ჩართვა. თუმცა, ამ დრომდე არ მახსენდება ფაქტი, რომ ქვემო ქართლის რეგიონში რეფერირების პროცედურების დარღვევისთვის რაიმე სანქცია დაკისრებოდა დამრღვევს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით. - თუ თქვენ ფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას, როგორ მოქმედებთ? კონკრეტულად რომელიმე მაგალითი არის თუ არა, როდესაც დადებითად დასრულდა ეს ამბავი? - ხშირ შემთხვევაში, ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის/ქორწინების იძულების შემთხვევებს ანონიმურად ატყობინებენ სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისს, რა დროსაც უწყებებისთვის ეს ამბავი ჩვენი მიმართვის შემდეგ ხდება ცნობილი. ბევრი შემთხვევა ყოფილა რეგიონში, როდესაც სახალხო დამცველის ჩართულობა მნიშვნელოვანი კომპონენტი აღმოჩნდა უწყებებისთვის დადებითი შედეგის მისაღწევად. ამ ბოლო პერიოდშიც, შემიძლია, გავიხსენო შემთხვევა ქვემო ქართლის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, რა დროსაც ურთიერთთანამშრომლობითა და სწორი კოორდინაციით მოვახერხეთ ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია. არასრუწლოვანმა და მისმა ოჯახმაც გადაიფიქრა დაქორწინება, ნიშნობის ბეჭედი დააბრუნა და ბავშვმა განაგრძო განათლების მიღება. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული როლი აკისრიათ საგანანმანათლებლო დაწესებულებებს იმ პედაგოგებს, რომელთაც უშუალოდ აქვთ შეხება არასრულწლოვნებთან და ხშირად პირველები იგებენ მსგავს ფაქტებს. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესი და ამ შემთხვევაში, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ბავშვების იმედად. - სკოლის მოსწავლე გოგონებს როგორ შეუძლიათ, ებრძოლონ იძულებით, ნაადრევ ქორწინებას და დანიშვნას? - პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, არასრულწლოვნები იყვნენ ინფორმირებულნი, ადრეულ ასაკში ქორწინების მოსალოდნელი ზიანის შესახებ და იცოდნენ, რომ ბავშვის მიმართ ძალადობა და ქორწინების იძულება დღევანდელი კანონმდებლობით დასჯადია. ამასთან, მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ განცდა, რომ სახელწიფო მათი მხარდამჭერია და იზრუნებს მათზე. არასრულწლოვანს შეუძლია, მიმართოს მასწავლებელს, პოლიციას, სოციალური მომსახურების სააგენტოს და სახალხო დამცველს თავისი და სხვისი უფლებების დასაცავად, მათ შორის ანონიმურობის დაცვით. მიმაჩნია, რომ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუდმივი მუშაობა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თავიდან ავიცილოთ არასრუწლოვანი გოგოების დისკრიმინაციისა და ჩაგვრის შემთხვევები. წყარო : ფანჯარა #მარნეული #ნაადრევიქორწინება # MarneuliDaily #ახალიამბები