ე.წ კანონიერი ქურდის მხარდამჭერები ომბუდსმენს აფრთხილებენ

Tbilisi Daily

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული მინდია ლავასოღლის ახლობლების საპროტესტო აქცია დღესაც ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან იმართება, შეკრებილებმა საყვირებით და შეძახილებით მოუწოდეს კონსულს შეხვედრისკენ. მათი თქმით, კონსული მინდია ლავასოღლის ექსტრადირების პროცესში უნდა ჩაერთოს. საკონსულომ აქამდე რამდენჯერმე განაცხადა, რომ კონსული ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის მოსაგვარებელ საკითხში ვერ ჩაერევა. დღეს აქციაზე სახალხო დამცველსაც მიმართეს. ითქვა, რომ შერჩევითი სამართალი აქვს სახალხო დამცველსაც, რადგან რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ომბუდსმენი კი საკითხით არ დაინტერესებულა. თუკი სახალხო დამცველი არ ჩაერთვება პროცესში, ლავასოღლის მხარდამჭერები აქციას ომბუდსმენის ოფისთანაც აანონსებენ. რა გეგმები აქვთ სამომვლოდ? - აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თურქეთის კონსულთან შეხვედრის შემდეგ იტყვიან. აქციის მონაწილეებს 10 დღის განმავლობაში იუსტიციის სახლთან შიმშილობდნენ, 10 ივნისიდან კი თურქეთის საკონსულოსთან გადავიდნენ. მანამდე, 8 ივნისს გენპროკურატურის წარმომადგენლები ლავასოღლის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს შეხვდნენ, თუმცა ამ შეხვედრაზე ექსტრადირების შესახებ კონკრეტული არაფერი გარკვეულა. პროკურატურაში ამ დრომდე ოფიციალურად არ განუმარტავთ, რის გამო ვერ ხერხდება მინდია ლავასოღლის ექსტრადირება.