თბილისის ერთ-ერთი ბაღის მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა

Tbilisi Daily

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისის 93-ე საბავშვო ბაღის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. დიღმის მასივში მდებარე ბაღი წელს პირველად გაიხსნა და უკვე 300-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული, თუმცა კოვიდინფექციის დადასტურების შემდეგ ბაღმა მუშაობა შეაჩერა. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ბაღის დირექტორმა, ლამარა ტყავაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, სპეცპედაგოგს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბაღთან შეხება ბოლოს 6 ოქტომბერს ჰქონდა, ანუ მაშინ, როდესაც სააღმზრდელო პროცესი ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი. „მას თანამშრომლებთან შეხება ჰქონდა 6 ოქტომბერს… იმ დღეს სახლში მისულს დაუფიქსირდა ტემპერატურა და სამსახურში აღარ გამოცხადებულა. გუშინ მიიღო ტესტის პასუხი, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბავშვებთან შეხება არ ჰქონია სააღმზრდელო პროცესი გავაჩერეთ. თანამშრომლები, ვისთანაც 6 ოქტომბერს ან მანამდე ჰქონდა კონტაქტი, ყველა კარგად გრძნობს თავს“, – გვითხრა ბაღის დირექტორმა.