ლიბანის პოლიტიკაში საფრანგეთის როლი იზრდება - პარიზის მხარდაჭერა ბეირუთს
Interworld
ლიბანის პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით, ქვეყნის მთავრობის ფორმირება ახალ პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ადიბს დაევალა, რომელმაც 128-დან 90 დეპუტატის ხმა მიიღო.
ლიბანის სექტარიანული პოლიტიკური სისტემის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი აუცილებლად სუნიტი მუსლიმი უნდა იყოს და ადიბის კანდიდატურამ მოიპოვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრების გავლენიანი ჯგუფისგან, მათ შორის საად ჰარირისგან, რომელიც ამ სახელმწიფოს უდიდეს სუნიტურ ბლოკს, „მომავლის მოძრაობას“ (Future Movement) ხელმძღვანელობს.
ახალი პრემიერის კანდიდატურას ასევე დაუჭირეს მხარი დომინანტურმა შიიტურმა ძალებმა - „ჰეზბოლამ“ და პარლამენტის თავმჯდომარის ნაბიჰ ბერის (Nabih Berri) პარტია „ამალის მოძრაობამ“ (AMAL Movement).
იგივე გააკეთა პრეზიდენტ მიშელ აუნის მიერ დაარსებულმა (მარონიტი) ქრისტიანულმა „თავისუფალმა პატრიოტულმა მოძრაობამ“ (Free Patriotic Movement), რომელსაც ქვეყნის პირველი პირის სიძე გებრან ბასილი (Gebran Bassil) ხელმძღვანელობს.
მიღებული მხარდაჭერის შემდეგ, ადიბმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უსაფუძვლო საუბრებისა და დაპირებების დრო აღარ არის. აღნიშნულის ნაცვლად საჭიროა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ადგილობრივი საზოგადოებისთვის „იმედების აღსადგენად“. შესაბამისად, მისი მხრიდან იმ ტიპის პროფესიონალი საჯარო მოხელეები შეირჩევიან, რომლებსაც აქვთ დადასტურებული ცოდნა და იქნებიან ეფექტურები საჭირო ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად.
მუსტაფა ადიბის წინამორბედმა, ჰასან დიაბმა თავის მხრივ ვერ შეძლო საჭირო რეფორმების განხორციელება იმ მიზეზით, რომ ქვეყნის პოლიტიკური ელიტა (სექტარიანული სპეციფიკიდან გამომდინარე) ვერ თანხმდებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და აღნიშნულმა ხელისუფლების „ქრონიკული დისფუნქცია“ გამოიწვია.
მოცემულ ეტაპზე ადიბის წინაშე 4 ძირითადი გამოწვევა დგას: მძლავრი აფეთქების შედეგად განადგურებული ბეირუთის პორტის აღდგენა/რეკონსტრუქცია; მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაში მონაწილე ყველა პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმის დაწყება; ეკონომიკური რეფორმების პროგრამის შემუშავება და ფინანსური რესტრუქტურიზაცია; პოლიტიკური სისტემის რესტრუქტურიზაცია.
იქიდან გამომდინარე, რომ მუსტაფა ადიბი არაერთ პოლიტიკურ წინააღმდეგობას წააწყდება (არსებული სექტარიანული სისტემის გამო), ჯერჯერობით არანაირი საფუძველი არსებობს იმის თქმის, რომ მისი მთავრობა იქნება უფრო წარმატებული, ვიდრე ეს იყო ჰასან დიაბის დროს.
არსებული მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ადიბის კანდიდატურა ისევ ქვეყნის მმართველი პოლიტიკური კლასის ინტერესების შესანარჩუნებლად და დასაცავად იქნა შერჩეული.
როგორც ცნობილია, ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა მუსტაფა ადიბის კანდიდატურის განხილვისას კვლავ ჩიხში შევიდა, მაგრამ მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნაში გადამწყვეტი როლი უკვე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეასრულა, რომელიც 29-30 აგვისტოს, მუდმივ სატელეფონო კავშირზე იმყოფებოდა ლიბანელ „გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან“.
მანამდე ფრანგმა ლიდერმა ლიბანელ პოლიტიკოსებს კრიზისიდან გამოსვლის „საგზაო რუკა“ გაუგზავნა, სადაც აღწერილია განსახორციელებელი პოლიტიკური და ფინანსური რეფორმები, რომელიც საჭიროა სამომავლო უცხოური დახმარების მისაღებად და ქვეყნის „ჩიხიდან გამოსაყვანად“.
ორგვერდიან კონცეფციაში, რომელიც დედაქალაქ ბეირუთში, საფრანგეთის ელჩმა მიიღო, გაწერილია ყველა დეტალური ზომა, რომელთა უმეტესობის განხორციელებას უცხოელი დონორები დიდი ხნის მანძილზე ითხოვდნენ.
დოკუმენტში მოცემულია ცენტრალური ბანკის აუდიტის, გადაუდებელი რეფორმების განსახორციელებლად საჭირო დროებითი მთავრობის დანიშვნისა და ერთი წლის მანძილზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობები.
კონცეფციაში ნათქვამია, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს მთავრობის სწრაფი ფორმირება, რათა თავიდან იქნას აცილებული ძალაუფლების ვაკუუმის წარმოშობა.
დოკუმენტი მოითხოვს პროგრესს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ფონდებზე გაეროს ზედამხედველობას, ასევე მიუკერძოებელ გამოძიებას ბეირუთის პორტის აფეთქებაზე.
ფრანგული კონცეფცია ხაზს უსვამს სახელმწიფო ფინანსების დაუყოვნებლივი და სრულყოფილი შემოწმების აუცილებლობას და ენერგოსექტორის რეფორმას.
ოფიციალური პარიზის მიერ მომზადებული „საგზაო რუკა“ გააღრმავებს საფრანგეთის როლს ლიბანის პოლიტიკაში, რომელიც მანამდე მისი კოლონია და პროტექტორატი იყო.
გაგზავნილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საფრანგეთის ხელისუფლება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბეირუთის პორტის აღდგენაში, ჯანდაცვის სისტემის განმტკიცებაში. ასევე გააგზავნის სახაზინო და ცენტრალური ბანკის სპეციალისტთა ჯგუფს ფინანსური აუდიტის მხარდასაჭერად და ხელს შეუწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებას.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
Lebanon #new #prime #minister #Adib #France #Macron #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა