ესტონეთმა უკრაინას გადასცა 2400 პისტოლეტი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ნატოს წევრი ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში დახმარების სახით გაიგზავნა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის პარტია (2400-ი ერთეული), რომელიც უნდა დაეხმაროს კიევს, ეროვნული შეიარაღებული ძალების „თავდაცვითი შესაძლებლობების“ განმტკიცებაში.
რადიო თავისუფების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამ ტიპის მსუბუქ იარაღზე მოთხოვნა თავად უკრაინისგან მოდიოდა. გარიგების თანხა უცნობია, მაგრამ იარაღის პარტიის ტრანსპორტირების თანხა, დაახლოებით 7000 ევრო, ესტონეთის მხარემ დაფარა.
„რუსეთის მუდმივი აგრესია ყირიმში და უკრაინის აღმოსავლეთში მიუღებელია და მას სულ უფრო დიდ გავლენა აქვს ევროპის უსაფრთხოებაზე. ამ შეიარაღების მიწოდებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მოკავშირეს, რომელიც უკვე მეექვსე წელია ომობს“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, იური ლუიკმა.
ესტონეთი თანამიმდევრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და გამოდის მოწოდებით, რომ აღდგეს რუსეთის მიერ ხელყოფილი მისი ტერიტორიული მთლიანობა.
ნატოს წევრი ესტონეთი უკრაინას ასევე ეხმარება გარკვეული ტიპის სამხედრო სპეციალისტების მომზადებასა და ქვედანაყოფების გაწვრთნაში, უზიარებს კიევს გამოცდილებას სამხედრო მედიცინის, ტერიტორიული თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30712227.html
#ახალი_ამბები
#twitter