მათ, ვინც აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანად ცნობს, აშშ - ის კანონი დახმარებას უკრძალავს
Sokhumi Daily
აშშ-ის 2021 წლის , წლიური საბიუჯეტო კანონი, რომელიც სხვადასხვა ფედერალური ორგანოს მიერ გასაწევ ხარჯებს განსაზღვრავს, საქართველოს დასახმარებლად არანაკლებ 132 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს, თუმცა თანხის გაცემა ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი 27 დეკემბერს მოაწერა, წერია, რომ აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა სახელმწიფო მდივანმა კონგრესის ასიგნებების კომიტეტებს საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მდგომარეობის შესახებ მოხსენება უნდა წარუდგინოს.
აღნიშნული კანონი კრძალავს იმ სახელმწიფოების დახმარებას, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარეს.
დოკუმენტის თანახმად, „აქტის მიხედვით გამოყოფილი თანხები არ უნდა მოხმარდეს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობის დახმარებას, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა მათთან“.
კანონი ასევე განსაზღვრავს, რომ აქტის მიხედვით გამოყოფილი თანხები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში რუსეთის ოკუპაციის მხარდაჭერას არ უნდა მოხმარდეს.
აქტის მიხედვით, გათვალისწინებული დახმარება არ უნდა მოხმარდეს „ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელ სახელმწიფოს, თუ მისი მთავრობის რომელიმე ქმედება არღვევს სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ სუვერენიტეტს“.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აღმასრულებელ დირექტორებს უნდა დაავალოს, მხარი არ დაუჭირონ ამ ინსტიტუტების მიერ დახმარების გამოყოფას იმ პროგრამებისთვის (მათ შორის სესხების, კრედიტების ან გარანტიების), რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ.
აქტი ასევე შეეხება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, რომლის ექვსი წევრიდან ერთ-ერთი საქართველოცაა, და აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად გამოყოფილი თანხები ევროკავშირთან ამ ქვეყნების ასოცირების შეთანხმებებისა და სავაჭრო ხელშეკრულებების განხორციელებას უნდა დაეხმაროს, ასევე ხელი უნდა შეუწყოს „რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის მიმართ მათი მოწყვლადობის შემცირებას“.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა